პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ  66.7 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის, კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 709 866 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია აშშ-ში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულია, რომ აშშ-ში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესი  კვლავ  შეფერხებებით მიმდინარეობს.

„აშშ-ში სწორედ ახლაა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი პანდემიის დაწყების დღიდან. აშშ რჩება კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად, სადაც გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა  4 ათასს გადააჭარბა.

CDC-ის მონაცემების მიხედვით,  ვაქცინის 29 მილიონი დოზიდან, რომელიც  სხვადასხვა შტატში დაიგზავნა, ადმინისტრირებულია მხოლოდ 10 მილიონი, მოსახლეობის 3.1%.

CDC-ის ცნობით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წლის მეორე ნახევარში, პირველ კვარტალში 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი  769 იყო, ხოლო მეორე კვარტალში – 840. ასევე, გასულ კვირას გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 2020 წელს გარდაცვალების მიზეზთა სამეულში სწორედ კოვიდი იკავებს მესამე ადგილს. ჯამურად, ქვეყანაში პანდემიის დაწყების დღიდან 23 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული.

ექსპერტთა შეფასებით, რიცხვები საგანგაშოა, თუმცა, ისინი ამ მდგომარეობას ელოდებოდნენ დღესასწაულების პერიოდში გაზრდილი მობილობისა და ჰოსპიტალიზების მზარდი მაჩვენებელის პირობებში”, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე და ხაზგასმულია, რომ საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე 12-საათიანი „კომენდანტის საათი“ დაწესდება, რომელიც   საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.

უცხოური მედიის ცნობით, „კომენდანტის საათი“ შაბათიდან დაწესდება და ძალაში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში იქნება.

„კომენდანტის საათის,, წესების დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევრო იქნება, განმეორებითი დარღვევისთვის – 3 750 ევრო, სამგზის დარღვევისთვის კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ორი სახეობის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.

14 იანვარს საფრანგეთში ინფიცირების 21 228 შემთხვევა და გარდაცვალების 282 ფაქტი დაფიქსირდა”, – წერს უცხოური მედია.

მათივე თქმით, 2020 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა – გერმანიის ეკონომიკა შემცირდა 5%-ით, რადგან მთელი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება, თუმცა, გერმანიის სტატისტის სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიაში უკეთესი მდგომარეობაა.

„ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორია დაზარალებული პანდემიის პირობებში“, – ვკითხულობთ სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

უცხოური მედია ხაზს უსვამს, რომ ნოემბერსა და იანვარში დაწესებული ლოქდაუნი არ შეხებია გერმანიის წარმოების სექტორს.

პანდემიაზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ  ავიაკომპანიები სამუშაო ადგილებს ამცირებენ –  Ryanair და Gatwick დახმარების თხოვნით ბელგიისა და ნორვეგიის მთავრობებს მიმართავენ.

„ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Ryanair-მა მიმართა ბელგიის მთავრობას გადასახადების შემცირების მოთხოვნით, რათა დაიცვას კომპანია კიდევ უფრო მეტი ზარალისგან და ათასობით სამუშაო ადგილი.  უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში რადიკალურად შემცირებული ფრენების გამო, კომპანიამ უკვე გაათავისუფლა 3 000 თანამშრომელი ევროპის მასშტაბით“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, მოცემულია Ryanair-ის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ იმოქმედოს მთავრობამ აეროპორტისა და სხვა ხარჯების შემცირების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ აუცილებელი საჰაერო სატრანსპორტო კავშირები.

„ნორვეგიული ბიუჯეტური ავიაკომპანია, Gatwick-ი ამცირებს დაახლოებით         1 100 სამუშაო ადგილს.  Gatwick-ის ხელმძღვანლობამ მიიღო გადაწყვტილება, რომ 138 თვითმფრინავიდან  მხოლოდ 50-ს დაიტოვებს.

პანდემიამდე  კომპანიამ  გაფართოების მიზნით აიღო დამატებითი ფინანსური ვალდებულებები, პანდემიის პირობებში გაუქმებული და შემცირებული ფრენების ფონზე კი შეუძლებელი აღმოჩნდა გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება. კომპანიის წარმომადგენელმა დახმარების თხოვნით მთავრობასაც მიმართეს.

კომპანია მომავალში, შემცირებული რესურსებით, ოპერირებას განაგრძობს მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ჩრდილოეთის რეგიონსა და ძირითად ევროპულ ქალაქებში“, – წერს უცხოური მედია.

მათივე თქმით, ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, შესაძლებელია, მთავრობას კვლავ მოუხდეს რთული გადაწყვეტილებების მიღება და ზომები კვლავ გამკაცრდეს.

„ჩრდილოეთ ირლანდიაში 3 კვირაა, რაც მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, რომელიც ძალაში კიდევ მომდევნო 3 კვირის მანძილზე დარჩება.

16 იანვრიდან შოტლანდიაში რეგულაციები გამკაცრდება, ახალი რეგულაციების თანახმად: გატანის სერვისს  მაღაზიების  შეზღუდული კატეგორია  შეძლებს – მაგ: სადაც იყიდება ტანსაცმელი, ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარი და წიგნები. რესტორნები გატანის სერვისზე იმუშავებენ, თუმცა, მომხმარებლებს საკვები ღია სივრცეში უნდა გადაეცეს.

იმ რეგიონებში, რომლებიც რისკის „მეოთხე ზონაში“ იმყოფებიან, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება ღია სივრცეში აიკრძალება. ყველა მოქალაქე, ვინც პირველი ტალღის დროს სახლიდან მუშაობდა, კვლავ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ“, – აღნიშნავს უცხოური მედია.

 

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია ესპანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, რუსეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

“ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 38 869 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის ექსპერტები შემთხვევების რეკორდულ ზრდას  „ბრიტანული“ შტამის ცირკულირებას უკავშირებენ.

ესპანეთში, რეგიონების მიხედვით, შეზღუდვები მკაცრდება. 18 იანვრიდან სხვადასხვა რეგიონში  კვლავ ე.წ. კომენდატის საათი დაწესდება. შეკრებებზე 4-კაციანი შეზღუდვა დაწესდება.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებელის გამო, ჰოსპიტალური სექტორი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშეა. ვალენსიაში გეგმიური ოპერაციები შეჩერდა და მედპერსონალის ფოკუსირება კორონავირუსით ინფიცირებულებზე მოხდება. კატალონიასა და გალისიაში ჰოსპიტალური სექტორი სრულად შევსებულია.

14 იანვარს პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 698 შემთხვევა და გარდაცვალების 148 ფაქტი გამოვლინდა, რაც მორიგი ანტირეკორდია.  15 იანვრიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. დისტანციურად მუშაობა სავალდებულო გახდება. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა კომერციული ობიექტი დაიხურება, მათ შორის, სალონები და სპორტული დარბაზები. რესტორნები გატანის სერვისზე იმუშავებენ.

კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო, შვეიცარიაში არსებული შეზღუდვები მარტამდე გახანგრძლივდება და 18 იანვრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება. ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზია დაიკეტება, დისტანციური მუშაობა სავალდებულო გახდება. ჯიხურები, ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული მაღაზიები, ბანკები, სალონები, ფოსტის ოფისები და მობილური კავშირგაბმულობის მაღაზიები 19:00 საათზე დაიკეტება. ღია სივრცეში 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება. სამუშაო სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დისტანცია დაცულია.

12 იანვარს ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 19 იანვრამდე იყო  9 თებერვლამდე გახანგრძლივდა. რუტემ დასძინა, რომ შესაძლოა, შეზღუდვები კიდევ გახანგრძლივდეს.

14 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 24 763 და გარდაცვალების 570 ფაქტი გამოვლინდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალია.

14 იანვარს, უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების 7 925 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 162 პირი“, –  წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები