გია ჟორჟოლიანი: ივანიშვილის წასვლა ხსნის ასპარეზს, გამოვიდეთ ორპარტიული დიქტატურის რეჟიმიდან და ახალი პოლიტიკური დისკუსია გავხსნათ

ბიძინა ივანიშვილის გადადგომის კვლადაკვალ, ,,სოციალ დემოკრატიული” პარტიის ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს. კვირა“ გია ჟორჟოლიანს ესაუბრა:

-ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ თქვენს გადაწყვეტილებაზე გარკვეულწილად იმოქმედა?

-ბიძინა ივანიშვილის წასვლა დღესაც და მომავალშიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. არასერიოზულია ის ვერსია, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება ფორმალურია და ყველაფერი ძველებურად დარჩება, რაც შეუძლებელია ბევრი მიზეზის გამო.

-რა ზეგავლენა შეიძლება, იქონიოს პოლიტიკურ პროცესებზე ,,ქართული ოცნების“ ლიდერის პოლიტიკიდენ ჩამოშორებამ?

-ორ საკითხზე მინდა, გავამახვილო ყურადღება – ადამიანურსა და პოლიტიკურზე, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილი თავადვე ამბობს, რომ მთავარია მოქმედება და არა – სიტყვები. ყველაფერი, რაც შეეძლო ქართული პოლიტიკისთვის, მან გააკეთა. არ დაუშურებია არც პიროვნული, სულიერი თუ მატერიუალური რესურსები და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ივანიშვილის გზავნილი მე ასე გავიგე: ჩემი ყველა რესურსი ამ საქმეში დავხარჯე, რაც შემეძლო, გავაკეთე, სხვანაირად არ შემიძლიაო. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია, მაგრამ თუ ვცდები, განზე ვდგები, დაე, სხვამ შეცვალოს ვითარება, რამდენადაც მე სხვაგვარად არ შემიძლიაო. მისი გადაწყვეტილება მნიშნელოვანი და კეთილშობილურია და ის ძალაუფლების დაჟინება არ გახლავთ. ივანიშვილი თავის თავზე არ ირგებს ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციის როლს და არ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების ალტერნატივა არ არსებობს.

-რა მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და რა მოსალოდნელი ცვლილებები შეიძლება, მოჰყვეს მისი პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას?

-მეც და ბევრ ადამიანსაც, რომლებსაც ვიცნობ, მიაჩნიათ, რომ ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი. ჩვენს სისტემაში ჯერ არ ყოფილა, რომ პოლიტიკური პროცესები დაკავშირებული არ ყოფილიყო ერთ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან. ძალაუფლების ცენტრი ყოველთვის პოლიტიკური ლიდერების ირგვლივ ყალიბდებოდა. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის შემთხვევაშიც. გარკვეულ როლს თამაშობდა როგორც ქარიზმატულობა, ისე, მატერიალური რესურსები. ყველაფერი ერთად ქმნიდა ამ ძალის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რომელიც არ განისაზღვრებოდა იმით, რომ ვიღაცას რაღაც თანამდებობა ეკავა. ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის შეცვლა იმით, რომ ახლა მის ნაცვლად სხვა იქნება პრემიერმინისტრი ან პარტიის თავმჯდომარე, ილუზია იყო. პოლიტიკური ლეგიტიმაცია თანამდებობებით არ მიიღწევა, ეს არის ხალხის მიერ პიროვნების, როგორც ლიდერის აღიარება. ამ ძალაუფლების ცენტრი კი ივანიშვილი იყო. ივანიშვილის ცენტრის საპირისპირო მხარედ განიხილებოდა ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური ჯგუფები. ცხადია, მეორე მხარეს როგორც მატერიალური, ისე ადმინისტრაციული და ხალხის ნდობის რესურსი ბევრად ნაკლები ჰქონდა, ვიდრე – ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრს. ეს ორი პოლიტიკური პოლუსი ერთმანეთთან დისკუსიაში და კინკლაობაში ქმნიდა პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც შეიძლება, დავახასიათოთ, როგორც ორპარტიული დიქტატურა, სადაც ერთის არსებობა განპირობებულია მეორის სიკარგის ან თუ გნებავთ – სიავის ჩვენებით. მომავალზე ორიენტირებული ჩვენ არასდროს ვყოფილვართ, აწმყო არასდროს მოგვწონდა და მუდამ წარსულის დაბრუნება გვაშნებდა: გამსახურდიას დროს კომუნიზმს ვაკრიტიკებდით, სააკაშვილის დროს – შევარდნაძის მმართველობას, ივანიშვილის დროს კი – სააკაშვილისას. ჩვენთვის მთავარი ყოველთვის იყო წარსული არ დაბრუნებულიყო. ეს ყველაფერი თვითდამკვიდრების მეთოდი უფრო იყო, ვიდრე – რეალობის ამსახველი. თუმცა, ივანიშვილის წასვლა მნიშვნელოვნად ცვლის ამ კონფიგურაცია.

-როგორ?

-პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი, რომელიც ლიდერის გარშემოა თავმოყრილი, აღარ არსებობს. ამ პოლიტიკური ცენტრის პოლიტიკურ და არა ბიუროკრატიულ ლეგიტიმაციას, რასაკვირველია, ასუსტებს. ხალხის თვალში ,,ოცნება“ ივანიშვილის გარეშე არ არის ის, რაც ,,ოცნება“ ივანიშვილთან ერთად. მოლოდინი, რომ მმართველი პარტიის ადგილს სააკაშვილი დაიკავებს, ილუზიაა და, რასაკვირველია, არ მოხდება. ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ,,ოცნება“ ფლობს, საკმაოდ მყარია იმისათვის, რომ მან მოახერხოს ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ფუნქციის განხორციელება. იხსნება ასპარეზი ახალი პოლიტიკური კონფიგურაციისთვის, რომელიც აქამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ავტომატურად დაიკავებს ლიდერის პოზიციას ,,ქართულ ოცნებაში“ და ყველაფერი ძველებურად იქნება. ასე ვერ მოხდება, აღარ იქნება ერთი ლიდერის გარშემო ჩამოყალიბებული ცენტრი. იხსნება ასპარეზი სხვა ტიპის დისკუსიისთვის, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო. ჩნდება შესაძლებლობა, გამოვიდეთ ამ 2- პარტიული დიქტატურის სივრციდან და შევცვალოთ ეს პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც არჩევნებმაც ვერ შეცვალა. როგორც  უნდა წარმართულიყო არჩევნები, შედეგად დაახლოებით იმავე 2 პოლიტიკურ ცენტრს მივიღებდით, როგორიც დღეს გვაქვს. ხოლო პოლიტიკის წარმართვის სტილი ძველებურად გაგრძელებოდა. დღეისათვის ჩვენ უფრო გახსნილი მომავალი გვაქვს. ახლა მოქმედების დროა.

-ვინ და როგორ უნდა იმოქმედოს?

-ვისაც მიაჩნია, რომ რეალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ეს არის როგორც ცვლილებები პოლიტიკაში, მის დღის წესრიგში. თუ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა ვერ მოხერხდდება, ნუ ველით ცვლილებებს პოლიტიკაში. თუ მთავარი საკითხი ისევ პერსონასლისტური საკითხი გახდება, ახალი სახეების და არასოდეს ახალი იდეებისაა. ცვლილებები შინაარსობრივი უნდა იყოს. იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომელშიც 40 წელია, ვცხოვრობთ, ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება. სამყაროსა და პოლიტიკურ წესრიგებს არ ცვლის იდეები. მას ცვლის მოვლენები, რომელშიც, რასაკვირველია, იდეები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყველა დიდი ცვლილება დაკავშირებული იყო დიდ ომებსა და კრიზისებთან. მე-20 საუკუნე რომ ავიღოთ: 1-ელი მსოფლიო ომი, დაძაბული სოციალური არასტაბილობა, რევოლუციები რუსეთში, რომელიც მე-2 მსოფლიო ომით დასრულდა, რასაც წინ დიდი დეპრესია და მწვავე ეკონომიკური კრიზისიები უძღოდა. დიდ კატაკლიზმებს კარდინალური ცვლილებები მოაქვს ეკონომიკურ პარადიგმებში. ივანიშვილის წასვლა პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებაა. ასეთი გლობალური ცვლილება არის პანდემია, რომელმაც ჯერ არნახული ცვლილებები მოგვიტანა. ,,ისევ ისე“ ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება. პანდემია და ადამიანთა დაღუპვა მუდმივი არ იქნება, მაგრამ შეიცვლებიან საზოგადოებები და სახელმწიფოები და სახელმწიფოს როლი გაიზრდება. შეიცვლება გლობალიზაციის ტენდენციები, ბიზნესსა და სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობები. დღეს გაიხსნა ამ თემებზე დისკუსიის შესაძლებლობა. საქართველოს აქვს თავის სპეციფიკა. საინტერესოა, გლობალური ცვლილებების პირობებში რა შეიძლება, შევცვალოთ ჩვენ, ქართველებმა.

-რა სახის ცვლილებები სურს ქართულ საზოგადოებას?

-ცხადია, უკეთესი ცხოვრება. ყველა საზოგადოებას უნდა, უკეთ იცხოვროს. 40 წლის მანძილზე არსებულ ვითარებაში რა შედეგებიც გვაქვს, სახეზეა. პანდემიამ რაღაცები შეცვალა. ის, რაც აშშ-ში მოხდა, კაპიტოლიუმში შეჭრას ვგულისხმობ,  მხოლოდ აისბერგის თავია. ერთი ჯგუფის მიერ განხრციელებული ქმედება კი არაა, არამედ იმ მწვავე კრიზისის ამსახველია, რომელიც ამერიკულ დემოკრატიაში გაჩნდა. ეს არის არჩევნების, როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტისა და, შესაბამისად, დემოკრატიის კრიზისი. ჩერჩილისა არ იყოს, დემოკრატია ცუდი მმართველობის ფორმაა, მაგრამ ყველა სხვა ამაზე უარესიაო. ალბათ, სხვა ტიპის დემოკრატიის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. ვუბრუნდები იმ საკითხს, რითაც დავიწყე: პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ ვიცხოვროთ მომავალში. ეს პოლიტიკური კინკლაობა ცოტა ხანში საინტერესო აღარავისთვის იქნება. უნდა დავიწყოთ მსჯელობა ახალ იდეებზე. ტრადიციული პარტიული პოლიტიკები, რომლებიც საქართველოში ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად, არ იძლევა ქვეყნის განვითარებისა და ჩიხიდან გამოყვანის შესაძლებლობას. უნდა დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ჩვენს მედიაში, რომელიც ძალიან რთული პროცესი იქნება. ქართული მედია დღეს კვლავ ორპარპოლუსიან სისტემაში ახალი პერსონალიების ძიებაშა, ვინ უფრო ლამაზად ან უშნოდ გააკრიტიკებს, ბრალს დასდებს მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი, ყველა ერთად, ვარჩევთ ამ განმონათქვამებს. ინერცია საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების პირობებში გვაქვს საშუალება, თავადვე შევქმნათ პოლიტიკური დისკურსი. ამის შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმა. თუ მართლაც გვინდა ცვლილებები, უნდა გვქონდეს ხედვა, რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ვისაუბროთ არა პერსონებზე, არამედ პოლიტიკის შინაარსზე. ჩვენ არსებული პოლიტიკა უნდა გავაპროტესტოთ და ვთქვათ ალტერნატივა, საით მივდივართ და რა გვინდა.

-რა გეგმით აპირებთ ახალი პლატფორმის ამუშავებას?

-იმისათვის, რომ პროცესები დაიწყოს, საჭიროა საკითხების აქტუალიზაცია და პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. უახლოეს მომავალში აქტიურად მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს გარკვეული ხედვა (ასეთი ადამიანების რიცხვი დიდია), რომლებიც ფიქრობენ პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე, მზად არიან პოლიტიკის შინაარსზე სასაუბროდ. როგორი პოლიტიკური წესრიგით გვინდა, გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრებას? დღეს ქვეყანას ძალიან ვიწრო ჯგუფი და კომპანიები მართავენ და მხოლოდ მოსახლეობის 5-10%-ს აქვს ცხოვრების ნორმალური პირობები. დანარჩენ 90% კი ისეთ  პირობებში ცხოვრობს, რომელიც რადიკალურ გაუმჯობესებას საჭიროებს. დიდია უთანასწორობა, სულ რამდენიმე ასეული კაცი განსაზღვრავს მედიის დღის წესრიგსა და რაგვარობას. ჩვენ გვინდა, ისეთი რეალობა შევთავაზოთ ელექტორატს, სადაც ყველას მიეცემა შესაძლებლობა, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. აუცილებელია, ამ ცვალებად სამყაროში მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და გადავრჩეთ. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობისათვის გვჭირდება თვისუფალი პლატფორმა. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ იმ ადამიანებსა და ჯგუფებთან, ვისაც ცვლილებების მზაობა გააჩნია. უახლოეს ხანებში ვფიქრობთ, დავიწყოთ ამის ორგანიზება.

-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საქართველოში ბევრ ახალ პოლიტიკურ აქტივობას დაუდებს სათავეს?

-დიდი მნიშვნელობა ასეთი შესაძლებლობის შექმნისთვის ჰქონდა ბიძინა ივანიშილის გადადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის ოფიციალურ პოლიტიკურ ხედვას არ ვიზიარებდი, ბიძინა ივანიშვილს მაინც ეკუთვნის დიდი მადლობა.

-კერძოდ, რისთვის?

– 2 ყველაზე დიდი რამისთვის, რაც მან ქართულ პოლიტიკაში გააკეთა. პირველი – 2012 წელს მან, როგორც ლიდერმა, ქართველ ხალხთან ერთად შეცვალა ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმი და მეორე – როდესაც დაინახა, რომ განახლებისა და ცვლილებების რესურსი აღარ ჰქონდა, ასპარეზი მისცა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შესწევთ უნარი, ჩვენი ცხოვრება უკეთესით შეცვალონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები