აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – გიორგი გახარიას: აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლადდამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რობერტ ო’ბრაიენი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერმინისტრსა და ახლადდამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლადდამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.