კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ – კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით
„ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.
მისი განცხადებით, როდესაც ოპონენტები მუნიციპალიტეტის მთავრობას მოუწოდებენ ესტაკადების, გვირაბების გაკეთებას ანდა გზების გაფართოებას, ეს ყველაფერი კვლევებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რამდენად მოაგვარებს არსებულ გამოწვევას და მსგავს პროექტებს ხომ არ ექნება მოკლევადიანი ეფექტი.
„ბოლო წლებში ხშირად ვისმენ კრიტიკას ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ვერ მოვისმინე რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები გადაიდგას. თქვენ, საუბრობთ, რომ გავაკეთოთ გვირაბები, ესტაკადები, მაგრამ ეს ყველაფერი კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს. უნდა არსებობდეს მოდელირება, ამით პრობლემის მოგვარებას რამდენად შევძლებთ. სამწუხაროდ, მეც დამემართა ასეთი რამ – 2017 წელს, მქონდა დაპირება, რომ „ვეფხვი და მოყმის“ მიმდებარედ, საავტომობილო ხიდს გავაკეთებდით. როდესაც დარგის სპეციალისტების ჩართულობით, დავიწყეთ მუშაობა, გაკეთდა მოდელირება, აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი იმ გამოწვევას ვერ უპასუხებდა, რომელიც ამ კონკრეტულ მონაკვეთში არსებობს. როდესაც ჩვენს პოლიტიკას აკრიტიკებთ, უმჯობესია კონკრეტულ კვლევებზე დაფუძნებული გამოსავალი შემოგვთავაზოთ.
მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს გაგვიკეთებია მოწოდებები, რომ ყველამ გააჩერეთ ავტომანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ-თქო. ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანით, მოტოციკლეტით, სკუტერით მოსარგებლეებისთვის. გავიხსენოთ, 2017 წლამდე, რამხელა პრობლემა იყო ტროტუარზე ფეხით გადაადგილება. ტროტუარები ავტომანქანების საპარკინგო სივრცედ იყო ქცეული, მათ შორის, კარგი მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ჩვენ გადავდგით პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯები, მაგრამ ეს იყო საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძემ გადაცემაში სტუმრობისას წარმოადგინა თბილისის სატრანსპორტო გეგმა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით ხელმძღვანელობს.
„მე წამოღებული მაქვს თბილისის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში პირველი გრძელვადიანი სტრატეგიაა. ის 2023 წელს შევიმუშავეთ დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ. მასში დეტალურად არის გაწერილი, წლების განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ, რა ინფრასტრუქტურული ჩარევებია საჭირო. სხვათა შორის, მსგავსი გამოწვევების წინაშე მარტო თბილისი არ დგას. არაერთი დიდი ევროპული ქალაქი – პარიზი, ლონდონი, მილანი და სხვა – ათეული წლების წინ, ისინიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ. ჩვენს მიერ გადაიდგა „მტკივნეული“ ნაბიჯები და დღეს, სიტუაცია შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულია. 2012 წელს დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეს კი, პიკის საათებში 850 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას? ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. დღეს, შეიძლება ამ გადადგმული ნაბიჯებით გარკვეულ მონაკვეთებში მდგომარეობა მოვაწესრიგოთ, მაგრამ ეს იქნება მოკლევადიანი. ჩვენ შევისყიდეთ ახალი ავტობუსები, ვზრდით მათზე ხელმისაწვდომობას, მოცდის დროს ვამცირებთ. კიდევ 200 ავტობუსის ყიდვა გვინდა, რომ უფრო მეტად კომფორტული გახდეს გადაადგილება. თბილისში მცხოვრები ადამიანი კი თავად გადაწყვეტს – კერძო მანქანით იაროს თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის მოხმარება 15%-ზე იყო ჩამოსული და 40%-მდეა გაზრდილი. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას მეტროსადგურების შესახებაც და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, უახლოეს მომავალში კი იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია.
„რაც შეეხება მეტროს, გულწრფელად ვიტყვი, რომ ათეული წლების განმავლობაში თითი თითზე არავის დაუდია. ჩვენ შევძელით ის, რომ ყველა მეტროსადგურში ძალოვანი კაბელები შევცვალეთ, გვირაბების გამნიავებელი ახალი სისტემები გვაქვს, შევიძინეთ ახალი ვაგონები. წლის ბოლოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გვექნება კონკრეტული პროექტები მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოსაცხადებლად, რომ მათში უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა. ხომ ნახეთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ვერ შევძელით, რადგან ქვეყანაში შესაბამისი კომპანია ვერ მოვიძიეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა „დებატების“ ეთერში.