კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით – მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს, ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე.

„ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – აღნიშნა თბილისის მერმა,

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ თბილისის მერმა და ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ოპონენტების კითხვებსაც უპასუხეს.

„ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით 200 ერთეულ ავტობუსს ვყიდულობთ იმისათვის, რომ არ დაგვრჩეს ქალაქში უბანი, ქუჩა, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება; რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ქალაქში გადაადგილება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საავტობუსო ზოლებით იყოს კომფორტული.

ასევე, ახსენეთ ტრამვაი – პროექტის სატენდერო პროცედურების პირველი ეტაპი დამთავრებულია. მიმდინარეობს საკმაოდ მოცულობითი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა, კონკრეტული საკითხების დაზუსტება და ივნისის ბოლოსთვის უკვე შევძლებთ გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. 36 თვეა სამუშაოების წარმოების ვადა და თბილისს ექნება ტრამვაის სახით პირველი პროექტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო, ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ახალი ავტობაზის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და აბსოლუტურად ყველა 18-მეტრიანი ავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იქნება გაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები