გიგი უგულავა: უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას
“ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.
უგულავას შეფასებით, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა, ხოლო პასუხისმგებლობა შენზე და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზეა.
“ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადასახდელად.
უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად, 2.5-ჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, შენზეა და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზეა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.