ცხინვალის თეატრის 150 წლის შენობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში (თბილისი, პეტრიაშვილის №7) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ცხინვალის თეატრისთვის ახლადგადაცემული შენობის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას.

2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ცხინვალის თეატრს, რომელიც დევნილობაში არის 30 წლის განმავლობაში გადაეცა ფართი (ყოფილი სპორტული სკოლა, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში აიგო), რომლის რეკონსტრუქციის პროექტი უკვე დასრულდა. პრესკონფერენციას გაუძღვება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე.

ყოფილი სპორტული სკოლა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს 1746 კვ. მ. ფართობზეა განთავსებული და ის პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს. ცხინვალის თეატრის ახალი შენობის პროექტი მოიცავს რამდენიმე სცენას, სხვადასხვა ფართობის სივრცეებს და დამხმარე სათავსოებს შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.

1991 წელს ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად ეს ერთ-ერთი უძველესი ქართული თეატრი იძულებული გახდა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაეტოვებინა ქალაქი. დასმა დედაქალაქს შეაფარა თავი. 30 წლის განმავლობაში დევნილობაში მყოფ თეატრს სახელოვანი იუბილესთვის საკუთარი შენობა ექნება, სადაც თეატრი თავის წარმოდგენებს გამართავს. 1991 წლიდან დღემდე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თეატრს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება ცხინვალის თეატრის 150 წლის იუბილეს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები