ფილოლოგი და პოლიტოლოგი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
კორონავირუსმა კიდევ ერთი სიცოცხლე იმსხვერპლა. 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგი და პოლიტოლოგი, ინდიანის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, გიორგი გაჩეჩილაძე. ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ნომადი ბართაია წერს სოციალურ ქსელში.
„დიდად სამწუხარო ამბავი შევიტყვე, წავიდა ჩვენგან კიდევ ერთი მამულიშვილი, ფართო დიაპაზონის მქონე ქართველი მეცნიერი – ფილოლოგი, პოლიტოლოგი, კულტუროლოგი… დიდებული პიროვნება გიორგი (გოგი) გაჩეჩილაძე. ამ თავისებური ხედვისა და ანალიზის უნარის მქონე ადამიანს კიდევ დიდხანს უნდა ეკვლია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს წარსულთან, თანამედროვეობასა და მომავალთან.
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მთელ საქართველოს.
ეს ლექსი კი მეგობრისადმი ოთხ ათეულამდე წლის წინ მაქვს მიძღვნილი:
გიორგი გაჩეჩილაძეს
გიორგი გაჩეჩილაძე ვნახე – კრიტიკოსი,
ლადო ავალიანს ეკამათებოდა – მწერალს.
რა ჰქონდა ამდენი საკამათო?
ხანდახან შეხედავდა ალმაცერად.
ხელებს იქნევდა გიორგი აქეთ-იქით,
რაღაცას უმტკიცებდა ლადოს.
ლადო რაღაცას ვერ უმტკიცებდა,
ორივე რაღაცნაირი იყო ამ დროს.
მთელი ქუჩა მათ შესცქეროდა,
მათ კი არავისი ჰქონდათ ჯავრი.
გიორგი და ლადო კამათობდნენ.
მაყურებლის იდგა ჯარი.
არა და, სირცხვილია, ქუჩაში
ორი სერიოზული კაცი.
ერთმანეთს უშლიდეს ხელებს,
აღარ ეკადრებათ რაც კი.
ლადო ავალიანი სუსტი, ელეგანტური,
გიორგი გაჩეჩილაძე – ათლეტურად ანაგები,
მწერალი უსმენდა კრიტიკოსს,
მაგრამ ვერ გაიგებდი, რა გაგებით?
გიორგი გაჩეჩილაძე ვნახე – კრიტიკოსი,
ლადო ავალიანს ეკამათებოდა – მწერალს.
რა ჰქონდა ამდენი საკამათო?
ხანდახან შეხედავდა ალმაცერად.
ნომადი ბართაია
1982 წელი“.
გიორგი გაჩეჩილაძეს გაასვენებენ კვირას, 10 იანვარს, საბურთალოს პანთეონის ეკლესიიდან.
გიორგი გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს.
1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1989-1991წწ. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ერთაშორის ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარეა; 1991-1992წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ერთა შორის ურთიერთობის საკითხებში; 1995 წელს – ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე.
ქართველ საზოგადოებას გიორგი გაჩეჩილაძემ გააცნო ამერიკის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ლიტერატურული მემკვიდრეობა, აგრეთვე აკაკი წერეთლისა და გრიგოლ რობაქიძის გამოუქვეყნებელი წერილები.