საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელი ტემპებით მიმდინარეობს; იტალიამ ვაქცინის ნაკლები დოზა მიიღო; ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს აშშ-შიც

ნიდერლანდებში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი თითქმის ორი კვირის დაგვიანებით დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები და საავადმყოფოს მედ-პერსონალი, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობამ კრიტიკაც კი დაიმსახურა ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყების გამო.

„აღსანიშნავია, რომ, პრემიერმინისტრ მარკ რუტეს განმარტებით, ნიდერლანდების სამეფო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ვინაიდან ვაქცინა ევროკავშირის მიერ დამტკიცების პროცედურებს ელოდება, მანამდე ნიდერლანდები Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციას იწყებს“, – წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა არაერთი ადამიანი.
„ამიტომ, საფრანგეთის მთავრობამ შეცვალა ვაქცინაციის ტაქტიკა – აცრა შეუძლია, გააკეთოს საავადმყოფოს მედდამ, ექიმების მეთვალყურეობის გარეშე და, ასევე, ვაქცინაციისთვის ნებართვის მიღებას ელოდებიან აფთიაქებიც. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით იხსნება ვაქცინაციის დროებითი ცენტრები“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, აშშ-სა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

„იტალიამ ვაქცინის ნაკლები დოზა მიიღო – შეთანხმების მიხედვით, კვირაში ერთხელ იტალიამ უნდა მიიღოს ვაქცინის 470 ათასი დოზა, თუმცა, მიმდინარე კვირაში ქვეყანამ მიიღო ვაქცინის 100 ათასით ნაკლები დოზა. იტალიაში, ამჟამინდელი მონაცემებით, აცრილია სულ 250 ათასი ადამიანი.

ესპანეთში, მადრიდში ვაქცინაციის პროცესს აკრიტიკებენ, ვინაიდან ჯერ პრიორიტეტული ჯგუფების 5%-ის იმუნიზაციაც კი ვერ მოხერხდა. მიზეზად სამედიცინო პერსონალის სიმცირე და მისი მოუმზადებლობა სახელდება

ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს აშშ-შიც – კრიტიკოსთა აზრით, ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდება და ტემპი შენარჩუნდება იგივე, კვლავ დამძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვაქცინების დოზების საერთო რაოდენობის 70% „დევს თაროებზე“.
იმუნიზაციის კოალიციის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება, რადგან აუცილებელია ვაქცინაციის საერთო პროცესის გაუმჯობესება რაც საჭიროებს დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში თვეში 4 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არის შექმნილი, თუმცა, ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის მიწოდების გამო, ამჟამად, თვეში მხოლოდ 1,4 მილიონი პირის აცრა იქნება შესაძლებელი.
უკრაინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე სკანდალი აგორდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემსყიდველი კომპანიის „უკრაინის სამედიცინო შესყიდვები“ პროცესისგან ჩამოშორება, „უკრაინის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დისკრედიტირების მცდელობის გამო“, მოითხოვა. თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელობამ ჯანდაცვის მინისტრი უფრო იაფიანი ვაქცინის (არ დაზუსტებულა) შესყიდვის პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები