უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და  ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დეტალურად იმსჯელეს.

“აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და, შესაბამისად,  დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს,  რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. აღინიშნა, რომ ის კლინიკურად იმავე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე არსებული ცნობილი შტამი, თუმცა, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი  შტამი შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სხდომაზე ასევე განიხილეს ინტენსიური ტესტირების პროცესის მიმდინარეობა და საუბარი შეეხო იმ დამატებით ნაბიჯებს, რაც, მათ შორის, სისტემური მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების კუთხით იდგმება, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერმინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ  სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობას და ყველა რეკომენდაციის დაცვას – მათ შორის, სოციალურ დისტანციასა და პირბადეების ტარებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე  ვირუსით ინფიცირების 232 079 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 222 787 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 646 ადამიანი.

ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 377 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში – 763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 012 პირი.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები