„წინ 2021 წელია, ახალი იმედებით და შესაძლებლობებით აღსავსე“ – საქართველოს ხელოვნების სასახლე

საქართველოს ხელოვნების სასახლე ემშვიდობება 2020 წელს, ახალ წელს გაკეთებული საქმეებით და სამომავლო იმედებით ხვდება.
„2020 წელი მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა, პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა, პრობლემები ჰქონდათ მუზეუმებსაც, დამთვალიერებლების გარეშე დარჩენილი საგამოფენო დარბაზები არა მარტო მორალურად მძიმე აღსაქმელი იყო, არამედ ამას დიდი მატერიალური ზარალიც მოჰყვა. მუზეუმი კი მხოლოდ საგამოფენო დარბაზები და ლამაზი ექსპონატები არაა, ვიტრინების და მომხიბვლელი ექსპოზიციების მიღმა უზარმაზარი სამუზეუმო ინფრასტრუქტურა იმალება. მაგალითად, როგორებიცაა: საცავების გათბობა, ტენიანობისა და კლიმატის რეჟიმების შენარჩუნება, დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მუდმივი მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა, აღარაფერს ვამბობ სარესტავრაციო, საექსპოზიციო და სამეცნიერო მუშაობაზე, რომელიც პანდემიამ ფაქტობრივად სრულად გააჩერა.
ხელოვნების სასახლემ მნიშვნელოვანწილად ამ პრობლემებს სამინისტროს თანადგომით თავი გაართვა, საბედნიეროდ, სამუზეუმო არსებობისათვის ძირეული საკითხების ფუნქციონირება კითხვის ქვეშ ჯერჯერობით არ დამდგარა. გასაოცარია, მაგრამ, სპონსორების დახმარებით, ხელოვნების სასახლემ რამდენიმე უნიკალური ნივთის შესყიდვაც მოახერხა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: სდასუს თანადგომით შეძენილი ჯენლტმენის მე-16 საუკუნის ფლამანდრიული პორტრეტი ანდრია დადიანის კოლექციიდან და ექიმ ზაზა ჭანტურაიას მხარდაჭერით შეძენილი ინდური ზურმუხტებით გამშვენებული დედოფალ დარეჯანის საყურე.
გულსატკენია, რომ კრიზისმა ეროვნული კოლექციების შევსებაზე, საბოლოო ჯამში, მძიმედ იმოქმედა, ჩვენს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, დღემდე არ გააჩნია სათანადო ფინანსური ფონდი ეროვნული მნიშვნელობის სამუზეუმო ნივთების შესასყიდად, ამიტომაც წელს ბევრ უნიკალურ არტეფაქტს შეველიეთ, საკუთარი ფინანსების არქონისა და სპონსორების დაბალი აქტივობის გამო ბევრი ხელოვნების ნიმუში მუზეუმს მიღმა დარჩა.
ამ მხრივ იყო სასიამოვნო გამონაკლისებიც ყვარელში მოქალაქეთა შესანიშნავმა ჯგუფმა (ზ.მზექალაშვილი, ს.ჭიჭოშვილი, ბ.მზექალაშვილი, გ.შიოშვილი) უნიკალური არქეოლოგიური ნივთი იპოვა და ის უსასყიდლოდ ჩვენს მუზეუმს უსახსოვრა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერც მუზეუმმა და ვერც სახელმწიფომ ამ ეტაპზე სათანადოდ ვერ წაახალისა და აღნიშნა ეს მისაბაძი პატრიოტული ქმედება. მუზეუმმა სამინისტროს თანადგომით ყველა საგამომცემლო პროექტი წარმატებით განახორციელა, რაც ზოგჯერ დაუჯერებელი და სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო.
წინ 2021 წელია, ახალი იმედებით და შესაძლებლობებით აღსავსე. ამ შესაძლებლობების რეალიზაციაში კი მუზეუმებს მთავარი ფუნქცია აქვს, რადგან საქართველოს ტურისტული პოტენციალი, უმეტესწილად, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მემკვიდრეობაზე, კულტურულ წარსულზე დგას.
ბუნების კანონზომიერებაა დაღმართს აღმართი, დაბრკოლებებს კი გამარჯვებები მოჰყვება! გილოცავთ დამდეგს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებების წელი იქნება“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები