“ჩემი შვილები ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს” – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მესამე სამმართველოების თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზის პირას მდებარე სოფლების: დვანის, საკორინთლოსა და მეჯვრისხევის მრავალშვილიან და სოციალურად გაჭივრებულ 4 ოჯახს პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ერთ-ერთი ასეთი ნაბორაშვილების ოჯახია. ნინო 4 შვილს მარტო ზრდის. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, თავისი შვილები ასეთი ბედნიერი არასდროს უნახავს. ის მადლიერებას არ მალავს და ამბობს, რომ ასეთი კეთილი ადამიანები გადაარჩენენ ქვეყანას.

“წარმოუდგენელი რაღაც მოხდა გუშინ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოვიდნენ სავსე პარკებით, ყველაფერი მოგვიტანეს, მეზობლებიც გაგიჟებულები არიან, ამდენი საჩუქარი რომ ნახეს. არ ვიცი, რა ვთქვა, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ბავშვების გახარებაში ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა. უფროს გოგოს ტელეფონი აჩუქეს, შუათანას – ველოსიპედი და პატარებს – უამრავი სათამაშო. პროდუქტებზე აღარ მაქვს საუბარი.. ყველაფერი ძალიან ბევრია. ფულადი დახმარებაც გადმომცეს, საკმაოდ დიდი ოდენობის. ჩემი შვილები ასეთი ბედნიერები არასდროს მინახავს. ერთი ზუსტად ვიცი, მათნაირი ადამიანები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას”, – თქვა ნინო ნაბორაშვილმა.

სოფელ საკორინთლოში მცხოვრები ასევე მარტოხელა დედა, ნატვრისა გოგიჩაიშვილი, რომლის უფროსს შვილს ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, ამბობს, რომ ეს ახალი წელი მისთვის და მისი 3 შვილისთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან კეთილმა ადამიანებმა უამრავი საჩუქრითა და ბედნიერებით აუვსეს სახლი.

“აავსეს მთელი სახლი. სხვადასხვა პროდუქცია, ათასი საჩუქარი.. ტელევიზორი, პატარებისთვის ველოსიპედი, თანხითაც დამეხმარნენ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც ჩემს ოჯახშიც შემოიტანეს ახალი წლის სიხარული”, – თქვა ნატვრისა გოგიჩაიშვილმა.

ნინოსა და ნატვრისას მსგავსად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მესამე სამმართველოების თანამშრომლებმა კიდევ 2 ოჯახი გაახარეს. საახალწლო საჩუქრები, საკვები პროდუქტები გადასცეს და მათ ოჯახებშიც შეიტანეს იმედი ბედნიერი, მშვიდობიანი მომავლისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები