Covid-19 – მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება – ისრაელში რიგით მესამე ,,ლოქდაუნი,, ცხადდება; ირლანდიაში 25 დეკემბრიდან 12 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით რისკის მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდება

ადგილობრივი მედია წერს, რომ, CDC-ის გათვლებით, აშშ-ში 2021 წლის 16 იანვრისთვის კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზრდება და იმერყევებს ამ შუალედში 378 000 – 419 000. ასევე, ჰოპკინის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით კალიფორნიის შტატი არის პირველი, სადაც კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დეკემბრის თვეში უკვე მეხუთეჯერ, ერთ დღეში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება 3 ათასს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდი გარდაიცვალა 19 ათასი ადამიანი. რეკორდულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც – 119 463.

CDC მოუწოდებს ამერიკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, თუმცა, კოვიდის მზარდი მაჩვენებლისა და მოწოდებების ფონზე, ბოლო ხუთი დღის მანძილზე, მილიონებით ამერიკელმა იმოგზაურა ქვეყნის მასშტაბით.
ენტონი ფაუჩის განცხდებით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების მაჩვენებლები, ადამიანები არ იკავებენ თავს მოგზაურობისგან და მაღალი დღესასწაულების მოახლოვებასთან ერთად, იზრდება მობილობა.

აშშ-ში, ზამთრის მოსვლასთან ერთად, უარესდება იმ ადამიანების მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. მილიონობით ადამიანი არის შიმშილის ზღვარზე, კონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პანდემიის დაწყების დღიდან შიმშილის ზღვარზე მყოფ პირთა მაჩვენებელი კიდევ 15 მილიონით გაიზარდა, ამ გაზრდილ რაოდენობაში არიან ის ადამიანებიც, რომელთაც არასტაბილური, თუმცა,დროებითი სამსახურები ჰქონდათ და არ საჭიროებდნენ სახელმწიფოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებას, ახლი კი მათ დაკარგეს სამსახურები და არიან შემწეობის იმედზე.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის
კიდევ ერთი განსხვავებული შტამი დაფიქსირდა. აღნიშნული შტამი ბრიტანეთის ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია გააჩნიათ. მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი შტამის აღმოჩენა ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ის ბრიტანეთში აღმოჩენილ შტამზე უფრო ადვილად გადამდებია. სამხრეთ აფრიკიდან შემოტანილი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა პირი, ვინც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა, ასევე მათი ახლო კონტაქტები სავალდებულო კარანტინში უნდა გადავიდნენ.

ინგლისის სამხრეთში მეოთხე დონის შეზღუდვები გამოცხადდა, რაც სრულ „ლოქდაუნს“ უტოლდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის სარეალიზაციო მაღაზიების გარდა, ყველა სხვა მაღაზია, რესტორანი და ბარი დაიკეტა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, აღნიშნული შეზღუდვები დიდი ალბათობით, ინგლისის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება.

აპრილის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 744, ხოლო კოვიდ ინფიცირების 39 237 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთ მაღალ მაჩვენებელს უკავშირებენ კოვიდის ახალ შტამს, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან 2021 წლის 12 იანვრამდე, ქვეყნის მასშტაბით, რისკის მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდება; აღნიშნულ პერიოდში, გაყიდვების სექტორი კვლავ იმუშავებს, მაგრამ მაღაზიები იანვრის ფასდაკლებებს ვერ გამოაცხადებენ. საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და გამაჯანსაღებელი ცენტრები ღია მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშისთვის დარჩება. ღია ცის ქვეშ უკონტაქტო სპორტით დაკავება არაუმეტეს 15 ადამიანისა იქნება შესაძლებელი; სასტუმროებში განთავსებას არატურისტული მიზნით, გადაუდებელი საჭიროების მქონე ვიზიტორები შეძლებენ.
24 დეკემბერს, 15:00 საათის შემდეგ პაბები და რესტორნები შეწყვეტენ მუშაობას; 26 დეკემბრამდე, ოჯახებში სტუმრობას მხოლოდ ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ოჯახებში სტუმრობას მხოლოდ ერთი ოჯახის წევრები შეძლებენ. 2021 წლის 1 იანვრიდან, სახლებში და მათ შორის კერძო ბაღებშიც სტუმრობა აიკრძალება.
26 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ მოგზაურობა შეიზღუდება; 26 დეკემბრიდან, რელიგიური ცერემონიები ონლაინ გაიმართება.

27 დეკემბერს, ისრაელში გამოცხადდება რიგით მესამე ლოქდაუნი, გამომდინარე იქედან, რომ იზრდება კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი. ლოქდაუნი გასტანს ორ კვირას და გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებელი არ დაიწყებს კლებას. ლოქდაუნის 50%-ით უნდა შემცირდეს სამსახურებში ადგილზე მუშაობა, მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება 1 კილომეტრით გასცდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს (დაშვებული გამონაკლისები), აკრძალული იქნება სტუმრების მიღება, თუ ისინი არ არიან ოჯახის პირდაპირი წევრები. ასევე, დაიხურება მოსასვენებელი და გასართობი დაწესებულებები და შეკრებები შეიზღუდება 10 ადამიანამდე. 20 ადამიანის შეკრება დაშვებული იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ. სკოლაში ივლიან მხოლოდ 11/12 კლასელები და ასევე მოსწავლეები მეოთხე კლასის ჩათვლით.
შვედეთის მეფის განცხადების მიხედვით, ქვეყანამ ჩავარდა კორონავირუსთან ბრძოლაში და იმ მიდგომით, რაც მათ აირჩიეს, შვედეთმა ვერ შეძლო ადამიანების გადარჩენა. შვედეთს ჰყავს 350 ათასი ინფიცირებული და 7 800 გარდაცვლილი. შვედეთის პრემიერი დაეთანხმა მეფის განცხადებას და აღნიშნა, რომ დასკვნების გაკეთების დრო იქნება მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება. შვედეთის მიდგომა პანდემიის მართვის პროცესში იყო შემდეგნაირი – ხელისუფლება იყო ადამიანების კეთილი ნების და არა რეგულაციების იმედად. რამაც მდგომარეობა გაამწვავა.

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდით დაინფიცირდა 14,522 ადამიანი, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, მზარდია (13 318). ასევე, მაღალია კოვიდით გარდაცვალებით მაჩვენებელი და იტალია არის დასავლეთ ევროპის იმ ხუთ ქვეყანას შორის, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელმა გადააჭარბა 70 ათასს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში, ესპანეთში 100 000 მოსახლეზე 253.7 ინფიცირებული ფიქსირდება, რაც მ/წ 30 ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და კრიტიკულ ზღვარს წარმოადგენს. მ/წ 24 დეკემბრის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 967 შემთხვევა და გარდაცვალების 126 ფაქტი დაფიქსირდა; იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, რეგიონალურმა მთავრობებმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ესპანეთის ხუთი რეგიონი . ესპანეთის ხუთი რეგიონი (კატალონია, ვალენსია, მადრიდი, ცასტილა ი ლეონ, ლა რიოხა) განსაკუთრებულად მაღალი რისკის ზონაში არიან.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, ესპანეთი დადანაშაულებულია პანდემიის დროს მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებისთვის არაჯეროვანი ყურადღების დათმობაში. მათივე განცხადებით, ბევრი მათგანი ვერ იღებდა სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში.

გერმანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 412 ადამიანი გარდაიცვალა.

24 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 29 935 შემთხვევა და გარდაცვალების 635 ფაქტი გამოვლინდა. ორივე მაჩვენებელი რუსეთისთვის მორიგი ანტირეკორდია.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 1 მილიონს (1 001 132) გადააჭარბა. ბოლო დღეღამეში, ქვეყანაში ინფიცირების 11 490 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 223 ფაქტი გამოვლინდა.

23 დეკემბერს თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 650 და გარდაცვალების 259 ფაქტი დაფიქსირდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთისთვის მორიგი ანტირეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები