ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას მოუწევს პოლიტიკური საფასურის გადახდა საკუთარი ქმედებების გამო

მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პრიორიტეტებზე, ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციასა და დაანონსებულ მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდზე ,,კვირა“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის 1-ელ მოადგილეს, ალუდა ღუდუშაურს ესაუბრა:

-წარმატებული საადვოკატო პრაქტიკის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდით, თუმცა, ერთპარტიულ პარლამენტში მოგიწიათ მუშაობის დაწყება…

-მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთაპრტიული არ არის და ამას კატეგორიულად ვაცხადებ. საქართველოს მოსახლეობამ საპარლამენტო მანდატი 9 პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა და თუ ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ერთპარტიულია.

-ოპოზიცია დღემდე დაჟინებით ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

– გვარამიას დათვლით, გაყალბების პროცენტი ისეთი ყოფილა, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობას 100%-ით ხმა მიუცია ოპოზიციისთვის. ,,ქართული ოცნება“ არცერთ ამომრჩეველს არ შემოუხაზავს? ოპოზიციური მოცემულობა შემდეგნაირია: ან ყველაფერი ან არაფერი. ამგვარი მოთხოვნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებსა და ამომრჩევლის ნებას, ელექტორატის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა კი დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ამომრჩევლის არჩევანის პატივისცემას მოგვიწოდებს მთელი დასავლური სამყარო და ოპოზიციასაც მოუწევს, პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

-მიუხედავად მთავარ საკითხზე შეუთანხმებლობისა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდს აანონსებს. რაზე შეიძლება, გაგრძელდეს საუბარი მხარეებს შორის?

-ოპოზიციის მიმართ ხელისუფლება ძალზე მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს – თამასასაც მაღლა სწევს. მსჯელობა შეიძლება, გაგრძელდეს მომავალ, ადგილობრივ არჩევნებზე, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, თავად საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანაზე. უცხოელი ფასილიტატორები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მოლაპარაკებათა პროცესში, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებათა პროცესი არ შეიძლება, შეჩერდეს პოზიციასა და ოპოზიციას შორის, ეს დემარში იქნება ქვეყნის წინააღმდეგ.

-პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ერთგვაროვანი არ არის. დიდი და გამოცდილი პარტიებისგან განსხვავებით, რა ელით ახალბედა პარტიებს, თუნდაც, მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე?

-პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს პარლამენტში და არა – ქუჩასა თუ ორღობეში. იმ ახლადშექმნილი პარტიებისთვის, რომლებისთვისაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პოლიტიკური სტარტაპია, რომლებსაც ნდობა გამოუცხადა ამომრჩეველმა, რომ მათი ხმა, მათი პოზიცია საპარლამენტო ტრიბუნიდან აჟღერებულიყო, ფაქტობრივად, პარტიებმა უარი უთხრეს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამომრჩეველი კი ნების უგულებელყოფას ასე იოლად არავის პატიებს, რაც, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში აუცილებლად იჩენს თავს.

-დამეთანხმებით, მაინც ძალზე უჩვეულოა ოპონენტების გარეშე კანონშემოქმედებითი მუშაობა…

-ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლების მარტო დატოვებით პარლამენტში დისკომფორტს უქმნიან არა მმართველ პარტიას, არამედ საბოტაჟს უწყობენ საკუთარ ქვეყანას. რასაკვირველია, ქვეყნისთვის ცალსახად ცუდია პარლამენტში დარჩენილი მხოლოდ ერთი პარტია. მათი გადასაწყვეტია, მომავალშიც რადიკალური გზით წავლენ თუ აზრს შეიცვლიან და პარლამენტში დაბრუნდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიცია ხელი ვერ შეუშლის ქვეყნის წინსვლას ევროსტრუქტურებისა და უკეთესი მომავლისკენ. ოპოზიციას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა საკუთარი ქმედებების გამო.

-ეს ,,პოლიტიკური ფასი“ ქუჩაში დარჩენილი პატარა პარტიებისთვის შესაძლოა, გაქრობა იყოს?

-საქართველოსთვის დიდი პრობლემაა ასეთი ოპოზიციის ყოლა. ,,ქართულმა ოცნებამ“ ბარიერის 1%-მდე დაწევით პოლიტიკური სივრცე გაუხსნა ძალიან ფართო სპექტრის პარტიებს და საშუალება მისცა მათ, ჩაბმულიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოპოზიციის 60 მანდატი ამის თვალსაჩინო მაგალითია. თუ ოპონენტებს შესათავაზებელი აქვთ რამე, უკეთესი ტრიბუნა, ვიდრე საპარლამენტოა, არ არსებობს. უკეთესად რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, შეუძლიათ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოში. თუ ამ შანსზე ოპოზიცი ნებით იტყვის უარს, ამომრჩევლის რეაქციაც ადეკვატური იქნება. მმართველმა პარტიამ უკვე თქვა, რომ 2014 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე აკეთებს განაცხადს. ვინც ამ განაცხადსა და საქართველოს მოქალაქეთა გამოხატულ ნებას ხელს შეუძლის, ის ცალსახად დესტრუქციული ძალა იქნება.

-90-დეპუტატიანი პარლამენტი, ქვორუმის უქონლობის გამო, ვერ მიიღებს ბევრ მნიშვნელოვან კანონს.

-პრობლემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და რამდენიმე ისეთი სახის კანონი, რომელსაც 90 დეპუტატზე მეტი ხმა სჭირდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საქმე აქამდე არ მივა, ოპოზიცია გონს მოეგება და უფლებამოსილებას, რომელიც მას ამომრჩეველმა მიანიჭა, პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაუბრუნდება პარლამენტს. საკუთარი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ არ წავა.

-პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლასაც ამ განწყობებს უკავშირებთ?

-როგორია ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული დუღილი, არ ვიცი, თუმცა, თვითგამორკვევის პროცესი რომ იქაც დაწყებულია, ამაზე არამხოლოდ ვაშაძის გადაწყვეტილება, სამადაშვილისა და კიდევ სხვათა განწყობებიც ცხადყოფს. მეჩვენება, რომ არც ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მარგინალური გზის ერთობლივი მხადამჭერები. თავს ვიკავებ კონკრეტული პოლიტიკოსების ქცევის შეფასებისგან, თუმცა, ცალსახად ნათელია: არ შეიძლება, ერთი ხელით დასავლურ სტრუქტურებს ეპოტინებოდე, მედასავლეთედ მოგქონდეს თავი, მეორით კი საკუთარ ქვეყანასა და დასავლურ ფასეულობებს საბოტაჟს უწყობდე.

-ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის 1-ელი მოადგილე ბრძანდებით, იქამდე – ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი. 4 წლის განმალობაში რა იქნება თქვენთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთავარი ამოცანა?

-ადამიანის უფლებათა დაცვა მთელს მსოფლიოში წლითიწლობით სულ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. ჩვენი მთავარი მიღწევა დღეს ადამიანია, მისი უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც პროპრიტეტულია ყველა დანარჩენ სფეროზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ეს თუ საერთაშორისო ურთიერთობები. მოქალაქე ამ ქვეყნისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტული, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი უკეთესი მომავალი და ცხოვრების ღირსეული პირობები. მერწმუნეთ, საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები