ანდრია გვიდიანი დენის ტარიფის 8–თეთრიან ზრდას პროგნოზირებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, რაც გარდაუვალია დღეს დარგში არსებული პრობლემების ფონზე, უფრო მეტად იურიდიულ პირებზე აისახება, ვიდრე – საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფზე. მისი პირადი პროგნოზით, ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 8 თეთრით გაიზრდება.

მისივე თქმით, „ელექტროენერგიაზე ტარიფის ბოლო გადახედვის შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, მათ შორის ლარის გაცვლითი კურსი. შესაბამისად, ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი ლარში გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ენერგოკომპანიები, დიდი ალბათობით, დააყენებენ ტარიფის გაზრდის საკითხს და ეს სრულიად ლეგიტიმური იქნება“.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიები და მიიჩნევს, რომ არსებული ტარიფის გადახედვით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ამას ემატება პანდემია, რომელმაც გააუარესა ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია და დაზარალდა ენერგეტიკის სექტორიც. ამდენად, კომპანიებს ესაჭიროებათ ახალი ტარიფები, რათა შენარჩუნდეს მოსახლეობის ელექტრომომარაგების საიმედოობა.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ადგილობრივი გენერაციის განვითარება. ჩვენ ჰიდრორესურსების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხელი ეშლება ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. თუ ჩვენ გვინდა მდგრადი ენერგეტიკული სისტემა, თუ ჩვენ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, ამის ერთადერთი შესაძლებლობა შიდა რესურსების გამოყენება და ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა“, – აცხადებს ექსპერტი.

მისი გათვლებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, თუ ყოველწლიურად 3%–ით გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, 2030 წლისთვის საქართველოში მოთხოვნა 18,5 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, თუ მოხმარების ზრდის პარალელურად არ აშენდება ელექტროგენერაციის ახალი ობიექტები, მუდმივად მზარდი იქნება საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკის ჯაჭვის ისეთი რგოლის გამართული მუშაობისთვის, როგორიცაა სადისტრიბუციო კომპანიები. ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ არავის ინტერესებში არ არის, რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ გაზარდოს ტარიფი და უკანა პლანზე გადაწიოს მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ თუ იზრდება ტარიფი, ეს ისევ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება და არა რომელიმე კომპანიის.

გაძვირდება თუ არა სასმელი წყალი?

როგორც ცნობილია, სემეკს წლის ბოლომდე აქვს დრო წყალმომარაგების კომპანიების ტარიფის გადახედვისთვის. ანდრია გვიდიანის თქმით, „კიდევ უფრო რთული ვითარებაა წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან პანდემიის ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წყალმომარაგების კომპანიებზე. სასმელი წყლის ყველაზე მსხვილი კომერციული მომხმარებლები, ტურიზმის სექტორიდან არიან – სასტუმროები, რესტორნები, ბარები და სხვა. ეს კომერციული სუბიექტები პანდემიის პერიოდში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებენ. აქედან გამომდინარე, შემცირებულია წყალმომარაგების კომპანიების შემოსავლები“.

„გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანიები მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ასევე ტარიფის ერთ–ერთი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, წყალმომარაგების კომპანიებსაც აქვთ ტარიფის გაზრდის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტარიფის გადახედვის აუცილებლობა კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსების აუცილებლობითაა განპირობებული, რათა წყალმომარაგების, თუ სხვა ენერგოკომპანიამ შეძლოს გამართული მუშაობა და იმ ვალდებულებების პირუთვნელი შესრულება, რაც მათ მოსახლეობის ენერგომომარაგების თვალსაზრისით აქვთ ნაკისრი“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

დღეისათვის შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გამრიცხველიანებული აბონენტისთვის 1 კუბურ მეტრზე 0.329 თეთრს შეადგენს, გაუმრიცხველიანი აბონენტის შემთხვევაში კი, ერთ სულზე 3.892 თეთრს თვეში. წყალზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 1 კბ/მ–ზე 4,4 ლარია.
არსებული ტარიფები სემეკმა 2017 წელს დაადგინა და მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები