სპეციალური პენიტენციური სამსახური: არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით არიან მსჯავრდებულები ინფიცირებულები და პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.
უწყების ცნობით, არც ქსანში არსებულ არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში (N15 და N10 დაწესებულებები) და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა (იქნება ეს მაღალი ტემპერატურა თუ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომი) მოწმდება და დღემდე covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, ხოლო ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახური ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს, როგორც მოიქცა ვირუსის საკარანტინო სივრცეში გამოვლენის შემთხვევაში. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა, პატიმრებისა და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.