ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ის პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შარშან შეიქმნა პლატფორმა Mediacritic.ge, რომელმაც საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება იტვირთა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ბოლო ერთი წელია, ემსახურება საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებას, მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. “ამის გამოძახილია პლატფორმის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელმაც ამ მოკლე პერიოდში უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მედიის სფეროს გაძლიერებასთან ერთად პლატფორმაზე განთავსებული მასალები ხელს უწყობს მაღალკვალიფიციურ მედიაკრიტიკოსთა წრის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი გრავიტაციული ველის შექმნასაც.
2020 წელს მსოფლიოსა და საქართველოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მედიაკრიტიკის პლატფორმამ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. საზოგადოებისთვის მედიაპროდუქტებზე პროფესიული ანალიზის მიწოდება მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას, რომელთა სტატისტიკაც ასეთია: 58 რეცენზია [მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულება], 63 ბლოგი [რუბრიკა საავტორო პროდუქტებისთვის] და 178 რეპლიკა [ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული ჟანრი]. ამასთან, 2019 წლის 23 დეკემბრიდან დღემდე Mediacritic.ge-ზე უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ხოლო მედიაკრიტიკის ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ მასალებს 1,071,155 მომხმარებელი გაეცნო.
ეს შედეგები მიუთითებს პლატფორმის აქტუალურობაზე და ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კონსტრუქციული მედიაკრიტიკის მიმართულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს, fake news-ების ეპოქაში, ინფორმაციის უკონტროლო ნაკადებთან ეფექტიანად გამკლავებას შეძლებს მხოლოდ მედიაწიგნიერი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს. და, რაკი მედიაწიგნიერების დონის ამაღლება წარმოუდგენელია ჯანსაღი მედიაკრიტიკის გარეშე, კომისიამ აუცილებლად მიიჩნია, შეექმნა პლატფორმა, სადაც საზოგადოებას მიუკერძოებელი და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდა.
მოგეხსენებათ, მედიის ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების ჩართულობით შემუშავდა მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი, რომელსაც აკისრია მედიააკადემიაში მიმდინარე აკადემიური პროცესების ხელშეწყობისა და, ზოგადად, მედიაკრიტიკის სფეროს განვითარების ფუნქცია. შექმნის დღიდან მედიაკრიტიკის პლატფორმა სწორედ ამ კოდექსში წარმოდგენილი პრინციპებითა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
გახსოვდეთ: თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებაა, გააზრებულ არჩევანს კი სწორედ ინფორმირებული მოქალაქე აკეთებს. Mediacritic.ge – გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.