თეა ახვლედიანი: ჩვენი ამოცანაა, ახალი მიდგომების დანერგვითა და უნიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ სტრატეგიული მიმართულებები და ხალხს ხელშესახები შედეგები ვაჩვენოთ
“ჩვენი ამოცანაა, ახალი მიდგომების დანერგვითა და უნიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ სტრატეგიული მიმართულებები და ხალხს ხელშესახები შედეგები ვაჩვენოთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
თეა ახვლედიანმა მისი მინისტრობის პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიისა და მისი 2015-20 წლების სამოქმედო გეგმის აღსრულება, ასევე, დაიწყო და დასკვნით ეტაპზე გადავიდა ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი.
„სახელმწიფო მინისტრის პოზიციას აგვისტოდან, ოთხი თვის განმავლობაში ვიკავებ. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიდა რეგიონულ თუ საერთაშორისო მნიშვნელოვან განვითარებებსა და პროცესებთან ერთად ჩვენ მოგვიწია გლობალური პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება. მთავრობამ ამ გამოწვევას დაბალანსებული მიდგომით უპასუხა, რომელიც ერთი მხრივ მიმართული იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ, მეორე მხრივ კი – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებისკენ. ყველა დარგი, მათ შორის, ჩვენი უწყება დაუყოვნებლივ გადაერთო პანდემიის გამოწვევების საპასუხო აქტივობებზე, რაც ძირითადად მოსახლეობაზე ზრუნვისკენ იყო მიმართული ჩვენ შემთხვევაში როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში. ამ ფონზეც არ შეჩერებულა ამ ორივე პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით აქტიური მუშაობა და ამ მოკლე დროში კონკრეტული შედეგები იქნა მიღწეული. მოკლედ მიმოვიხილავ მათ და ხაზს გავუსვამ, რომ ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის”, გამყოფი ხაზების სამთავრობო კომისიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანათავმჯდომარეობით მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული შემდგომი გადაწყვეტილებები, აფხაზურ საზოგადოებასთან არაფორმალური დიალოგითა და ჩვენს სხვა შესაბამისს უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით მოვახერხეთ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლისა და მათი თანმხლები პირის ორგანიზებულად გადმოყვანა სასწავლო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობის მიზნით, არ შეჩერებულა ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომლითაც ასობით ადამიანმა ისარგებლა, წარმატებით დასრულდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის და მისი 2015-20 წლების სამოქმედო გეგმის აღსრულება, დაიწყო და დასკვნით ეტაპზე გადავიდა ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი და განისაზღვრა მისი ძირითადი პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის ფარგლებში დღეს ჩვენი ამოცანაა ახალი მიდგომების დანერგვითა და უნიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ სტარტეგიული მიმართულებები და ჩვენს ხალხს ხელშესახები შედეგები ვაჩვენოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის ოთხი მთავარი კომპონენტი უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფოს მართვა ჩვენი საქმიანობის ორივე მიმართულების პრიორიტეტებს წარმოადგენს”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.