„ახალგაზრდა ადვოკატები“: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან დავას ზემდგომი ინსტანციები ან ევროსასამართლო გადაწყვეტს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში ექცევა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის და მისი დირექტორის ნინო ჭელიძის რეპუტაციის დაცვის მცდელობას ჰგავს და კიდევ უფრო მეტად აშიშვლებს სინამდვილეს, რაც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში აპლიკანტების წინააღმდეგ ხდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს საერთაშორისო სირცხვილს და არა კანონის აღსრულებას, რაშიც მოსამართლის მანტია იქნა გამოყენებული – ამის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ უპატიებელი ქმედება ჩაიდინა, თვალსა და ხელს შუა გაამრუდა სიმართლე და აპლიკანტს, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის იძენს, მიღებული სახელმწიფო გრანტის 53,379,36 ლარის უკან დაბრუნება დაავალდებულა. სინამდვილეში, ყველასთვის ცალსახად ნათელია, რომ სასამართლომ ამ საქმეზე არამართლზომიერად გაითვალისწინა პირთა წრის ინტერესები და არ დაუშვა პრეცედენტი, რითაც რეალური მტკიცებულებებისა და გარემოებების მიღმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მკვდრადშობილი მოთხოვნა – გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში – სრულიად უსაფუძვლოდ, აპლიკანტის ინტერესების საწინააღმდეგოდ აქცია. შესაბამისად, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით, ზემდგომ ინსტანციებში შედეგის უცვლელობის შემთხევვაში კი – ევროსასამართლოში, ვინაიდან ის ინსტიტუციური ჩავარდნა და კომპეტენციის კრიზისი, რომელიც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში მოქმედი დირექტორ ნინო ჭელიძის მმართველობის პერიოდში შეიქმნა, შეუძლებელია წახალისდეს და დარჩეს პასუხგაცემელი შეკითხვები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ სხვა არაერთ პრინციპულ დავაში დამარცხდა, ამჟამად იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ნინო ც.-ს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის – 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვლის დაწყების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.

სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის “გრანტის შესახებ” ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს – გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.

2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა.

2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.

2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება. როგორც სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლომ განმარტა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღნიშნული მოსაზრება, ასევე გარემოება ნინო ც-ს სამშობლოში დაბრუნების გამომრიცხველი გარემოება იძლეოდა ცენტრის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნინო ც-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც მტკციებულებების ანალიზის საფუძველზე, ობიექტურად, ვერ იქნება გაზიარებული.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია დასაქმების ვადიანი კონტრაქტიც და სხვა მასალა, რომელიც ნინო ც-ს მოთხოვნას სრულიად დასაბუთებულს ხდიდა. სასამართლომ არაერთი სხდომა მიუძღვნა საქმეს და არ არსებობდა ცენტრის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა. შესაბამისად, შედეგი, რომელიც კვალიფიციური მოსამართლის მხრიდან გაცხადდა, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ტოვებს მიკერძოების აღქმის საფუძვლებს, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების პირდაპირ ნიშნებს და ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აპლიკანტებს, რომლებსაც საქართველო ვერ ასაქმებს, ასაქმებს სხვა ქვეყნები და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და მისი მოქმედი დირექტორის მავნებლური პოლიტიკა, დახმარებისა და მხარდაჭერის ნაცვლად, ადგილზე დასაქმების ხელშეწყობის სანაცვლოდ, აპლიკანტების ცოდნის შეძენისთვის გადახდილი ფულის უკან დაბრუნებითაა დაკავებული.

ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. საქმე მოსამართლე: ლეილა გოგიშვილმა განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები