კობა კობალაძე: ხელისუფლების ბრალი არ არის, რომ მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ნავში ზის და სხვა მიმართულებით მიცურავს

  ,,პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს მიმართა საქართველოს პარლამენტს პარტიული სიის გაუქმების თხოვნით. გაურკვეველი რჩება რამდენიმე დეპუტატისა და პარტიის გადაწყვეტილება. ,,კვირა“ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ კობა კობალაძეს ესაუბრა:

ამ დრომდე მოლაპარაკებათა თითქმის ორთვიანი პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. ფაქტია, პოზიცია და ოპოზიცია ვერაფერზე შეთანხმდა.

-ოპოზიციის უპასუხისმგებლობა სახეზეა. ამომრჩეველმა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ოპოზიციურ პარტიებს და მათ საპარლამენტო ტრიბუნა მოაპოვებინა, ფაქტობრივად,  პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. რადგან ოპოზიციამ არჩევნები წააგო, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში იმ პროცენტითაც არ შევიდეს, რაც მოიპოვა? მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება, მაგრამ კარგა ხანია, არსად გამიგია ასეთი წივილ-კივილი დამარცხებული პარტიების მხრიდან, რაც ქართველ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს. მართალია, ვერ ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, მართალია – მთელი დასავლეთი არწმუნებს, რომ აუცილებელია, ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში შევიდნენ და იქედან მართონ პოლიტიკური პროცესები, ქართული ოპოზიცია მაინც გაჯიქებული თავის ნათქვამზე დგას და არც არჩევნების შედეგების გადათვლაზე თანხმდება, არც – გაყალბებული ბიულეტენებს დაზუსტებაზე, არც  – რაიმე სხვაზე… არავის ბრალი არ არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის არჩევნებში ხმების დაბალი, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ მაღალი  პროცენტი მიიღო.

ოპოზიციას სახელმწიფოს წინაშე უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებთ?

-მათ არ აინტერესებთ ქვეყნის წინაშე მდგარი არცერთი საჭირბოროტო საკითხი: პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში. ქვეყნისთვის არცერთი სასიცილო მნიშვნელობის საკითხის განხილვაში, უკანასკნელი წლებია,  ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია და თავი არ შეუწუხებია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ  დღევანდელი ქართული ოპოზიცია მთლად ,,ჯანმრთელი“ პოლიტიკური ძალა არ არის. სად და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საზიანოა.

დავუშვათ, ხელისუფლება დათანხმდა რიგგარეშე არჩევნებს. მისი შედეგიც რომ არ აღმოჩნდეს დამაკმაყოფილებელი ოპოზიციისთვის?

-მაშინ სახეზე გვექნება პორმანენტული საარჩევნო პროცესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუძლებს. ასეთი უპასუხებლო ოპოზიციური გადაწყვეტილებების მომსწრე მთელი ქართული საზოგადოება 2 თვეა, არის. ოპოზიციის ჩატარებული ყოველი მიტინგის შემდეგ მისი ლიდერები საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, რომ ეს ბოლო ხალხმრავალი შეკრება იქნებოდა. შედეგად, მივიღეთ პანდემიის გავრცელების კატასტროფული მაჩვენებელი. მათი ერთადერთი მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა. სწორედ ამ ერთადერთ მიზანს უსახავს დღეს ოპოზიციურ სპექტრს ,,ვიღაც“, რომელთანაც ყველა, რატომღაც,  ,,ანგარიშვალდებულნი“ არიან.

სამშობლო და მისი ინტერესები ოპოზიციისთვის მთავარი აღარ არის?

-შესაძლოა, მათი სამშობლო ხვალ ის ქვეყანა გახდეს, სადაც ხშირად ჩარბიან და ახალი ინსტრუქტაჟით ხელდამშვენებული ბრუნდებიან. კიდევ კარგი, საქართველოს პარლამენტს აქვს უფლებამოსილება და რეგლამენტი კანონშემოქედებითი მუშაობისათვის.  პარლამენტი ქვეყნის წინაშე თავის ვალდებულებას შეასრულებს. სიმართლე გითხრათ, ძალზე გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობით, თუმცა, პატივს ვცემ ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ოპოზიციას ხმა მისცა. ცუდია, რასაკვირველია, როდესაც პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა, რადგან აბსოლუტური ხელისუფლება ყველა ქვეყნის მთავრობას რყვნის, მაგრამ ხელისუფლების ბრალი არ არის, რომ მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ნავში ზის და სხვა მიმართულებით მიცურავს.

-,,პატრიოტთა ალიანსის“ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?

-,,პატრიოტებს“ კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ. ჩემთვის რომ ეკითხათ, ოპოზიციურ პარტიათა ხმების 50%-ზე მეტი ,,პატრიოტებს“ უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ ხმების გადათვლისა და არჩევნების გაყალბების გამოძიების პროცესში, მაგრამ მათ სხვაგვარად გადაწყვიტეს. რაც უნდა მოხდეს, ნიანგთან მეგობრობა წარმოუდგენელია. რისი მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს, რომ ნიანგი სისხლიან ნადირობასა და  ხორცის ჭამას გადაეჩვევა? უკვე ამაზრზენი ხდება ამ ოპოზიციის ყურება. ქალი თუ ოპოზიციონერია, მხოლოდ მაშინაა მათთვის პატივსაცემი, თუ არა და, ქალისთვის შეურაცხყოფის მიყენება შესაძლებელია და მათვთის ეს ,,მოსულა“? ეს არც მათ კაცობაზე და არც ვაჟკაცობაზე მეტყველებს და ვისაც ნიანგთან მეგობრობა სურს იმ იმედით, რომ ,,მეგობრების“ ხორცის ჭამაზე ხელს აიღებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები