პოზიცია და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის მოლოდინშია მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიათა უმრავლესობამ პარტიული სიებიც გააუქმა. „კვირა“ ,,სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს დაკავშირდა:
-,,სახალო პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახა. თქვენც ფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა?
-საქართველოში ისეთი კანონმდებლობაა, არჩევნები რაღაც პროცენტით რომ არ გაყალბდეს, შეუძლებელია. არჩევნები მუდმივად ყალბდებოდა კომუნისტების შემდეგ და, რატომღაც, ყველამ ერთად 31 ,,ოქტომბერს აღმოაჩინა“, რომ არჩევნები ,,გაყალბდა!“ გაგიკვირდებათ და, 1995-1999 წლის პარლამენტში 2 დეპუტატით ზედმეტი აღმოჩნდა. ყველა მმართველი პარტია, როგორც წესი, არჩევნების წინ საკუთარ თავზე ირგებს საარჩევნო კანონმდებლობას. 1998 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ 3 დღით ადრე შეიტანეს საარჩევნო კანონში ცვლილება, ამის შემდეგაც შედეგი არ მოეწონათ და ჩატარებული არჩევნების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეცვალა მანდატების გადანაწილების წესი. მახსოვს არჩევნები, რომლის ნახევარი კანონიერად იქნა მიჩნეული, ნახევარიც – უკანონოდ.
-ეს როგორ?
-2003 წელს პროპორციული არჩევნები გაყალბებულად ჩათვალეს, მაჟორიტარული – კანონიერად.
სწორედ ასეთი საარჩევნო შედეგი დაამტკიცა სააკაშვილის სასამართლომ. იყო შემთხვევა, როდესაც არჩევნებში მიღებული შედეგი სასამართლომ შეაჩერა, დაელოდნენ – რა მოხდებოდა უკანასკნელ წამს, რაზე შეთანხმებოდა პოზიცია-ოპოზიცია და იმის მიხედვით გამოაცხადეს მიღებული ხმების კანონიერება. ასე იყო საარჩევნო პროცესები საქართველოში 30 წლის განმავლობაში და რატომღაც მხოლოდ წელს აღშფოთდა ,,გაწბილებული“ ოპოზიცია არჩევნების შედეგებით?
-წლების განმავლობაში ,,სახალხო პარტია“ ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას მოითხოვს, თქვენს წინადადებებს კი ოპოზიციაშიც არავინ უჭერს მხარს.
-მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ სიის დაზუსტება არავის არასდროს აწყობდა და ინერციით არც დღეს აწყობს. ცესკო-სა და საქსტატის მონაცემები 800 000-იანი ცდომილებითაა აცდენილი ერთმანეთს. ასეთ პატარა ქვეყანაში 800 000-იანი ცდომილება, დამეთანმებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ყველაფერი ლოგიკურია, რა კანონიც გვაქვს, ისაა არჩევნებიც…
-2020 წლის არჩევნების წინ ქართულ ოპოზიციას საარჩევნო კანონი არ გაუპროტესტებია და მასში განსაკუთრებული ხარვეზები არ აღმოუჩენია?
-ოპოზიცია დაკავებული იყო სრულიად სხვა, მეორეხარისხოვანი პრობლემებით და საკუთარ ხსნად მხოლოდ პროპორციული არჩევნები მიაჩნდა. საერთოდ, არჩევნების კანონიერად ცნობა პოლიტიკურ ვითარებასაა მიბმული. თუ მოვა დაკვეთა პოლიტაქტივობაზე, მედია სასწრაფოდ აიტაცებს თემას და ხდება მისი უტრირებაა.
-როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შედეგები გაუყალბა?
-,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიღებული ხმები არავის გაუყალბებია. სხვადასხვა დროს, თუ გახსოვთ, საარჩევნო პარიერი იყო ხან 1%, ხან 3%, ხან 5% და ხანაც- 7%. ბარიერი იმის მიხედვით იცვლებოდა, რომელი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოცილება სურდა იმდროინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას საქართველოს პოლიტიკური სივრციდან. 2020 წლის არჩევნებში, ცსკ-ს განცხადებით, 60% ოქმებისა გადასწორებული იყო, თუმცა, არა არჩევნების შედეგების გაყალბების მიზნით, არამედ სრულიად სხვა პრობლემების გამო.
-კერძოდ, რა მიზეზით?
-საჩივართა 67-70% არასწორად იყო შედგენილი. ოლქში, სადაც პარტიის წარმომადგენელი უნდა მისულიყო, დეპუტატობის კანდიდატი მიდიოდა და შენობაში კანონიერად არ უშვებდნენ. რაც შეეხება სასამართლოს, სადაც ოქმები გასასაჩივრებლად პარტიის წევრს უნდა შეეტანა, არაუფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ. ასევე მოიქცნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გასულ არჩევნებშიც. ეს არჩევნების გაყალბების მათი აპრობირებული მეთოდია, რომ შემდეგ თქვან – სასამართლომ არ მიიღო სარჩელებიო. არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად 2 გზა არსებობს: სამართლებრივი და საპროტესტო. თუ სამართლებრივად ვერ მოხერდა დაშვებული შეცდომების გამოსწორება, პარტიებს ერთდერთი გზა რჩებათ – ქუჩა. ოპოზიციას სურდა, ელექტორატისთვის ეთქვა – ვცადეთ სამართლებრივი პროტესტი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველა გზა მოგვიჭრაო.
-რაც შეეხება პატარა პარტიებს, 2020 წლის არჩევნები რამდენად სამართლიანი იყო თქვენ მიმართ?
-ვფიქრობ, თუ გაყალბება მოხდა, ისევ პატარა პარტიების მიმართ, რომელთაც პატრონი არ ჰყავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
-,,პატრონი“, ანუ საკუთარი წარმომადგენელი?
-ცენტრალური საარჩევნო კომისია ცალკე სამყაროა და იქ წარმომადგენლის გარეშე ძალიან იჩაგრები. პატარა პარტიებს წარმომადგენლის ყოლის ფინანსური საშუალება არ აქვთ, ამიტომ, რასაც იტყვის ცესკო, იმას ემორჩილებიან. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებში უპრეცედენტოდ დიდი ფული დახარჯა. მთელი ცივილიზებული სამყარო აკონტროლებს საარჩევო ხარჯბს, ჩვენთან ეს ხარჯი უკონტროლოა და, შესაბამისად, არც პარტიათა სასტარტო პირობებია თანაბარი. დღეს ,,ნაციონალური მოძრაობა,, ხელისუფლების აყირავებას ცდილობს, თუმცა, იცის, რომ ეს მარტივი საქმე არაა, რადგან ქართველი ამომრჩევლის 60%-ს ,,ნაციონალების“ კატეგორიული მიუღებლობა აქვს. ამიტომ, ოპოზიცია დღესვე ხელისუფლებას ვერ გადაიბარებს. ახლა ისინი ცდილობენ დესტრუქციული როლის შესრულებას, რომ ამ ფონზე მოსახლეობას დაავიწყონ წარსულში ჩადენილი მათი დანაშაულები. ხელისუფლებასაც ზუსტად იმ ადგილას ურტყამენ, რომელიც მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. ცდილობენ ხელისუფლების დანაშაულის ძებნას პენიტენციურ დაწესებულებებში, პოლიციის რიგებში, რათა თავიანთიზ წარსულში ჩადენილი დანაშაულები გაანეიტრალონ. პოლიტიკა, ჩე გევარასი არ იყოს, ველოსიპედის ტარებას ჰგავს, საჭიროა მუდმივი მოძრაობა, გაჩერდები თუ არა – წაიქცევი. დღეს ამ დესტრუქციული ქმედებით სააკაშვილი საკუთარი თავის აქტუალიზაციასაც ახდენს.
-თუმცა, ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დაწყებულია თვითგამორკვევის პროცესი, პარტია თავმჯდომარემ დატოვა…
-,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთადერთი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილია. მას პარტიის თავმჯდომარედ ვიღაც სჭირდებოდა და გრიშა დანიშნა. როგორც კი რადიკალური პროცესები დაიწყო, გრიშა მიხვდა, რომ პარტიაში მისი ადგილი აღარ იყო. ის ან უნდა აჰქოლოდა მიშას ავანტურას, ან პარტიიდან წამოსულიყო და წავიდა კიდეც.
-უკიდურესი რადიკალის როლს ვაშაძე ვერ შეასრულებდა?
-ვაშაძე ჭკვიანი კაცია და, ეტყობა, არ მოეწონა ქუჩაში დგომის ოთხწლიანი პერსპექტივა. იფიქრა, ამ გიჟებს როდემდე უნდა ვსდიო ქუჩა-ქუჩაო. თანაც, ეტყობა, პიროვნულადაც ძალზე გაღიზიანდა პარტიაში ოდიოზური პიროვნებების მისგან დაუკითხავად შეყვანით.
-ოდიოზურ პიროვნებებში ვის გულისმობდა?
-ჩემი აზრით, გუბაზ სანიკიზესა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეებს, რომლებსაც არც ფული მოაქვთ პარტიაში, არც – პრაქტიკული შედეგი და არც – ხმები.