“არავითარი ხვეწნა-მუდარა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შემობრძანდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტიები თავიანთ პოზიციაზე მაინც დარჩებიან, არ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რაც არის მიბმული მანდატების ოდენობაზე.
„პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ხმების გარკვეულ ოდენობას მიიღებს და ზოგიერთი მათგანის შემთხვევში ძალიან ბევრ ხმას, ამომრჩევლის მოლოდინია, რომ ის პარლამენტში შევა. როცა ასეთი პარტია უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე და იმ მანდატების ათვისებაზე, რომელიც მათ ამომრჩეველმა მიანიჭა, მაგრამ, სამაგიეროდ, მაინც სურს ამ მანდატების შესაბამისი ფული, ეს არის პოლიტიკური მორალის თემა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს, ეპიდემიის პირობებში, იმისთვის არ არის, რომ პოლიტიკური პარტია მანდატებზე უარს ამბობდეს, მაგრამ მაინც ჰქონდეს საშუალება, რომ ამ მანდატების შესაბამისი ფული ხალხის ჯიბიდან პარტიაში წაიღოს. არავითარი ხვეწნა-მუდარა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შემობრძანდნენ. მით უმეტეს, ამ მიზნით ზეწოლა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს ახსნა-განმარტებითი სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, თუ რამხელა დარტყმას აყენებენ საკუთარ თავსა და ამომრჩეველს. ეს ჯერ წარუმატებელია. თუ ისინი თავიანთ პოზიციაზე მაინც დარჩებიან, არ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რაც არის მიბმული მანდატების ოდენობაზე. წარსულში დეპუტატი გვახსოვს, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, რომელმაც მაშინ ყალბად განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევდივარო, სხდომებზე არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. პოლიტიკური ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ სახსრების ბოროტად გამოყენება მოხდეს,” – განაცხადა წულუკიანმა.