კერძო სექტორში ხელფასები 10.4 ლარით შემცირდა
საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 204.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით), ასევე, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 188.8 ლარი, შემცირდა 0.1 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2020 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 88.8 ლარით და 1 130.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.
ცნობისთვის, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.