შოთა გულბანი: სოფლის მეურნეობის სექტორში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მიიღწევა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერით დადებითი კონტურები იკვეთება
„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოში სოფლის მეურნეობა სტაბილურად პროგრესირებს”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი, შოთა გულბანი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შესახებ გამართულ პრეზენტაციას, სადაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებსა და პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა.
„ზოგადად, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ისეთი სექტორია, სადაც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მისაღწევი ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერითა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, გარკვეული დადებითი კონტურები იკვეთება.
მაგალითად, თუ შევხედავთ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით გაზრდილია 43%-ით, ხოლო სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება 44%-ით. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში ფუნქციონირებადი ბიზნესის გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 163%-ით. ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ადგილობრივად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იზრდება”, – წერს სოციალურ ქსელში შოთა გულბანი.
მისი განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია ღვინის ექსპორტი. რომ ავიღოთ, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ღვინის ექსპორტი 243%-ით გაიზარდა, რასაც თან ერთვის ის ფაქტი, რომ საქართველოში მევენახეობამ აზრი შეიძინა და ის წამგებიანი ბიზნესი აღარ არის. არც ხელისუფლებას უწევს ყურძნის სუბსიდირება. თუმცა, პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება 2020 წელს ისევ გახდა საჭირო და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ მიერ მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 310 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანდემიის პროცესში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერების მხარდასაჭერად მობილიზდა 300 მილიონი ლარი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დღეს მოქმედი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნაწილდება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად, ასეთი შესაძლებლობები და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მხოლოდ სურვილი და მზაობა არის საჭირო ამ საქმით დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან, ხოლო სახელმწიფო პრაქტიკულად ყველა იმ პრობლემას უწყვეტს ფერმერს, რაც ადრე შეუძლებელს ხდიდა სოფლის მეურნეობაში სარფიანი საქმის წამოწყებას. ეს არის ძვირი საბანკო პროცენტის თანადაფინანსება, ეს არის საგარანტიო მექანიზმი, როდესაც ბანკი უძრავი ქონების უზრუნველყოფას ითხოვდა სესხის გაცემის სანაცვლოდ, ეს არის სხვა ტიპის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ”, – წერს შოთა გულბანი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.