შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მონაწილეობა მიიღო
“შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინშეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილეს.
“შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. დამატებით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი – ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი კარ ჰარცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები.
ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – ვახტანგ მახარობლიშვილმა. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.