“ქართული ოცნების” წევრი, კახა კუჭავა გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას აფასებს.
კუჭავას თქმით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც “ქართული ოცნება” დიდი ხანია, საუბრობს.
“დღევანდელი განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, არამედ ყალიბდებიან ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად, რომელიც ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს. ბოლო პერიოდში ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან დიდ ანტიდასავლურ ძალას. “ნაციონალური მოძრაობას” ძალიან დიდი ხანია, ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად”, – განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.