კახა კუჭავა: იმედია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ
“რეალურად, მაგიდაზე ძალიან ძლიერი შეთავაზება დევს. მთავარია, მათი მხრიდან მაგიდა აყირავებული არ იყოს, რისი მცდელობაც ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ჰქონდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
კუჭავა იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული.
„იმედია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ. ამის იმედს ვიტოვებ“, – აღნიშნა კუჭავამ.
კითხვაზე – „კობახიძის განცხადებამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ხომ არ შეაფერხა“, კუჭავამ განაცხადა, რომ კობახიძემ ამ განცხადებით ნათელი მოჰფინა სპეკულაციებს, რომლის მცდელობაც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს ჰქონდა.
„პირველი, ვინც საუბარი დაიწყო და დეტალების გამოტანა, ეს იყვნენ ზუსტად ოპოზიციის წარმომადგენლები. საბოლოოდ, კობახიძემ რა განცხადებაც გააკეთა, ნათელი მოჰფინა იმ სპეკულაციებს, რომლის მცდელობაც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს ჰქონდა. რეალურად, რაც ხდება, ყველა ძალიან კარგად ხედავს. მათ ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის, მხოლოდ ტყუილებითა და სპეკულაციებით გავიდნენ ფონს, რომელიც საბოლოოდ არ იმალება და ყველა ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი მხრიდან მზადყოფნაა და ყოველთვის ვართ მოწადინებული. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია. გახსოვთ წინა მოლაპარაკებებიც, რომელიც საბოლოოდ კი დამთავრდა შეთანხმების ხელმოწერით, მაგრამ ეს პირობა მაინც არ იყო შესრულებული. დაარღვიეს პირობა და დაიმსახურეს კიდეც ამაზე კრიტიკა დასავლეთიდან. რეალურად, დღესაც მზად ვართ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ. მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ, რათა მაქსიმალურად მალე მოხდეს მდგომარეობისა და დაძაბულობის განმუხტვა და ყველა დაუბრუნდეს პარლამენტს. თუმცა, საბოლოოდ, მათზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.