ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი საახალწლოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს – იხურება ყველაფერი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, წესდება გადაადგილებაზე შეზღუდვები

ლონდონი 16 დეკემბერს ე.წ. მაღალი რისკის ზონაში გადადის, რაც ნიშნავს შემდეგს – იკეტება ბარები, კაფეები, რესტორნები და იმუშავებს მხოლოდ გატანის სერვისი; იკრძალება ხალხის შეკრება ღია და დახურულ სივრცეებში, პირად ეზოებში ყველასთვის, ვინც არ ცხოვრობს იმ სივრცეში. იხურება თეატრები. იკრძალება ფეხბურთის მატჩებზე დასწრება. არ იკრძალება მხოლოდ გარე სპორტულ მოწყობილობებზე ხალხის ყოფნა.

შეზღუდვების გამკაცრებას წინ უძღოდა ლონდონის მერის მიმართვა პრემიერისადმი, სადაც ის წერდა, რომ ინფექციის გავრცელებამ განსაკუთრებით საგანგაშო ნიშნულს მიაღწია 10- დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში.

დიდი ბრიტანეთის NHS-ის განცხადების მიხედვით, შობის პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილოა ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. ამასთან, დღესასწაულებზე შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა, საზოგადოებაში გამოიწვიოს წესების დაცვის უგულებელყოფა, რაც შემდგომში აისახება ყოველდღიური მაჩვენებლის ზრდაში. NHS-ის წარმომადგენლის აზრით, სოციალური დისტანციის შეზღუდვა და შეკრებები მაღალი რისკის შემცველი იქნება.

ლიეტუვა პირველი ქვეყანა აღმოჩნდა აბალტიის ქვეყნებს შორის, რომელმაც, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში საყოველთაო „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

16 დეკემბრიდან მოქალაქეებს საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის დატოვება აეკრძალებათ. მუნიციპალიტეტიდან გასვლა შესაძლებელი იქნება სამსახურეობრივი, სამედიცინო ან ავადმყოფის მოვლის მიზნით. ასევე, შეიზღუდება მუნიციპალიტეტების შიგნითაც გადაადგილება. სახლიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში, საყიდლებზე, დაკრძალვაზე, ჯანმრთელობის ან სხვისი მოვლის მიზნით იქნება ნებადართული.

არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მაღაზია დაიხურება და დისტანციური გაყიდვების რეჟიმზე გადავა. სკოლის ყველა კლასის მოსწავლე სწავლას დისტანციურად გააგრძელებს.

გადაადგილებაზე შეზღუდვები 2021 წლის 3 იანვრამდე იმოქმედებს, ხოლო დანარჩენი რეგულაციები – 2021 წლის 31 იანვრამდე.

გერმანიაში 16 დეკემბერს იმსჯელებენ “ლოქდაუნის” გამკაცრების პირობებზე, რომელიც მოიცავს შემდეგ რეგულაციებს – დაიხურება არაძირითადი მოხმარების მაღაზიები/სერვისები, სალონები 2021 წლის 10 იანვრამდე; 10 იანვრამდე სკოლები გადადიან ონლაინ სწავლებაზე; იხურება საბავშვო ბაღები; დამსაქმებლებს მოუწოდებენ – სახლიდან ამუშაონ თანამშრომლები; აიკრძალება საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღება; საეკლესიო რიტუალების დროს იკრძალება სიმღერა, ხოლო მსახურება დასაშვებია მხოლოდ ჰიგიენისა და დისტანციის წესების დაცვით; დღესასწაულის პერიოდში, 24-26 დეკემბერს ნებადართული იქნება მაქსიმუმ 5 სრულწლოვნისა და 14 წლამდე მოზარდის შეკრება ერთ სივრცეში.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწყებამდე, საშობაო საჩუქრების ყიდვისგან თავი შეიკავონ და სასაჩუქრე ბარათები შეიძინონ, რათა, მაღაზიებში შექმნილი რიგების გამო, ინფიცირების რისკების თავიდან აცილება შეძლონ;

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნიდზელსკიმ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლონეთი კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, მინისტრი ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების, სულ მცირე, 2021 წლის 17 იანვრამდე გახანგრძლივების რეკომენდაციით გამოვიდა;
ამჟამად, პოლონეთში 5-ზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. ასევე, შეზღუდულია ქორწილისა და დაკრძალვის რიტუალების ჩატარება. სკოლის მოსწავლეები სწავლებას დისტანციურ რეჟიმში გადიან. გასართობი და კულტურული სივრცეებიც დახურულია.

იტალიაში შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს. იტალია, ლეტალობის მაჩვენებლით, ევროპაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. შედეგად, მთავრობამ შესაძლოა რადიკალურ ზომებს მიმართოს და გერმანიის მსგავსად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი და სილამაზის სალონი დროებით დახუროს.

იტალიის რეგიონული საკითხების მინისტრის განცხადებით, პანდემიისგან მომდინარე საფრთხეებს მოსახლეობა ირაციონალურად და უპასუხისმგებლოდ ეკიდება.

ნიდერლანდებში 24 საათში კოვიდ ინფიცირებულთა მაჩვენებელი 10 ათასით გაიზარდა. ეს არის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ნიდერლანდების კრიზისთან რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანლის განცხადების თანახმად, საჭიროა, ქვეყანამ გაითვალისწინოს მისი მოსაზღვრე გერმანიის ამჟამინდელი მიდგომა, ე.წ. ლოქდაუნის გამკაცრების შესახებ და თავადაც დაკეტოს მაღაზიები, რადგან სხვა შემთხვევაში გაიზრდება მობილობა, რადგან გერმანელები აქტიურად გადავლენ ნიდერლანდებში საყიდლებზე.

შვეიცარიის 5 ყველაზე დიდი საავადმყოფოს ხელმძღვანლებმა მოუწოდეს ჯანდაცვის მინისტრს, გაამკაცრონ შეზღუდვები. მათი განცხადების თანახმად, პანდემიის გამო იძულებულები არიან, გადადონ სხვა ოპერაციები, რაც უქმნის საფრთხეს პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ოქტომბრის შემდეგ ასეთი, დაახლოებით, 4 000 ოპერაციაა გადადებული. ასევე, ისინი შიშობენ, რომ 2021 წლის დასაწყისში ქვეყანაში იქნება პანდემიის მესამე ტალღა, რომელიც შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ჯანდაცვის სისტემისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები