ნათია თურნავა: სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევა მიმართული იყო ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, პირველ ყოვლისა, მოსახლეობის დასახმარებლად

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში მთავარი აქცენტი, პირველ ყოვლისა, ყოველთვის კეთდებოდა მოსახლეობის დახმარებაზე.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ხელისუფლების ინიციატივის – „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში გაიმართა.

„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათთვის, ვინც, მიუხედავად ჩვენი ყველა მცდელობისა, დროებით დაკარგა სამუშაო – ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის, რომელიც ჯერ მკაცრი შეზღუდვებისა და ახლა უკვე წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ხორციელდება, ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის, ასევე ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის, რაც გაიცა მთავრობის მიერ, ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება – კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა პანდემიის დასაწყისში სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება ოთხი თვით”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები