ვლადიმერ ბოჟაძე: არის თუ არა დანაშაული ISFED-ის მიერ შეცდომის დროულად არ აღიარება, ამის თქმა მიჭირს, თუმცა, კითხვებს პასუხი სჭირდება

გასულ კვირას ISFED-მა, ანუ „სამართლიანმა არჩევნება“ 31ოქტომბრის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომა აღიარა. როგორც გაირკვა, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევების საბოლოო შედეგები რევიზიას არ საჭიროებს და ის სრულ თანხვედრაშია „სამართლიანი არჩევნების“ საბოლოო მონაცემებთან. გაირკვა ისიც, რომ „სამართლიან არჩევნებში“ მათ მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ უკვე ნოემბერში იცოდენ და ეს ფაქტი მხოლოდ დეკებმერში გაასაჯაროეს. შეიცავს თუ არა მათი ქმედება დანაშაულის ნიშნებს  – „კვირა“ ამ საკითხზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ვლადიმერ ბოჟაძეს ესაუბრა.

-ცნობილი გახდა, რომ „სამართლიან არჩევნებში“ მათ მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ ნოემბრის ბოლოს უკვე ჰყონდათ ინფორმაცია. რატომ დაგვიანდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება და ხომ არ შეიცავს მათი ეს ქმედაბა დანაშაულის ნიშნებს? როგორც ცნობილია, ოპოზიციის მთავარი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა, სწორედ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგები იყო?

რამდენად არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ფაქტია, რომ როგორც კი ეს უზუსტობა დადგინდა, ,,სამართლიან არჩევნებს,, ეს ინფორმაცია მაშინვე უნდა გაესაჭაროებია. სულ მცირე, ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა თავიანთი დონორებისთვის და, რაღა თქმა უნდა, შემდგომ საზოგადოებისთვისაც. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ფაქტობრივად ერთადერთი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა, სწორედ „სამართლიანი არჩევნების“ თავდაპირველი დასკვნა იყო. ჩემი აზრით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აუცილებლად უნდა აუხსნას საზოგადოებას დეტალურად, რამ გამოიწვია ეს შეცდომა. მათ უნდა თქვან ასევე, რატომ არ გასაჯარივდა ეს ინფორმაცია დროულად. როგორც ვიცით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა და ვფიქრობ, მხარეებს ამ მოლაპარკებებზე უნდა ჰქონოდათ ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა არჩევნებზე და რამდენად სწორი იყო ცესკო-ს მონაცემები. თუ ასე მოხდებოდა, შესაძლოა, ოპოზიციას გადაეხედა ბოიკოტის თემა და ნაკლებად რადიკალური ყოფილიყო. როგორც ვნახეთ, მოხდა სრულიად საპირისპირო რამ – ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია. მოკლედ, სანამ მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, „სამართლიანმა არჩევნება“ შეცდომა არ აღიარა. კიდევ ვიმეორებ, არის ეს თუ არა ეს დანაშაული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა იყო ეს – უპასუხისმგებლობა თუ საზოგადოების უპატივცემულობა. როცა შენ 25 წელია მ, სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ განცხადებაზეა დიდწილად დამოკიდებული – შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და იქნება თუ არა რყევები ქვეყანაში. კარგია, რომ საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არაა, თორემ ეს ფაქტი შესაძლოა, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი გამხდარიყო.

-„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორია „სამართლიანი არჩევნების“ ის დასკვნაც, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნების 8 %-ში ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. კობახიძე მტკიცებულებებს ითხოვს. თუ „სამართლიანი არჩევნები“ ამ მოთხოვნას უგულებელყოფს, რასთან გვექნება საქმე?

იმავე სიტუაციას მივიღებთ, რაც ხმების პარალელური დათვლისას შეიქმნა.როგორც ვიცით, მას შემდეგ, რაც პარალელული დათვლის შედეგები დაკორექტირდა, ოპოზიციამ აქცენტი ახლა სხვა თემაზე გადაიტანა –  ბიულეტენების ჭარბ რაოდენობაზე და, ზოგადად, დისბალანსით აპელირებს. როგორც ვიცით, კობახიძე მტკიცებულებებს „სამართლიან არჩევნებს“ სთხოვს, თუმცა, ოქმები ხელმისაწვდომია. ნებისმიერს შეუძლია, ნახოს და გაარკვიოს, სად არის დარღვევა, თუ ასეთია. ორ კვირაზე მეტია, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მონაცემი გამოქვეყნებული აქვს. მხოლოდ ცხრამეტ უბანშია საუბარი იმაზე, რომ ბიულეტენები მეტი იყო და ეს მეტობა სულ 25 ბიულეტენია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ წინა არჩევნებზე დისბალანსის მაჩვენებელის გაცილებით მაღალი პროცენტი იყო, ვიდრე – ახლა, თუმცა, მაშინ ეს საკითხი ასეთი აქტუალური და სადავო არ გამხდარა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აუცილებლად უნდა თქვას, რომელ საარჩევნო უბნებს დააკვირდნენ და სად აღმოაჩინეს ხარვეზები. საჯაროობა და გამჭირვალეობა ნამდვილად წაადგება მათ რეპუტაციას. საზოგადოებაც უფრო ადვილად დაიჯერებს, რომ შეცდომა, რომელიც აღიარეს შეცდომა იყო, ტექნიკური ხარვეზი და არა გააზრებული ქმედება იმისთვის, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონოდა და მძიმე პროცესები განვითარებულიყო ქვეყანაში.

-ოპოზიციის მტკიცებით, ერთპარტიული არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

როგორც ვიცით, 2 მილიონამდე ამომრჩეველი მოვიდა საარჩევნო ყუთებთან და ასეთი მაღალი აქტივობა დიდი ხანია, არ გვქონია. 9 საარჩევნო სუბიექტმა და 14 – მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ასეთ პირობებში იმის მტკიცება, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, დიდი შეცდომაა. ახლაც, ამ წუთშიც პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნობილია. მოკლედ, პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად ეჭვის ქვეშ არ დგას. პარლამენტი ქმედითუნარიანია და მას შეუძლია, დაამტკიცოს მთავრობა, მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტი და ასე შემდეგ. ამ პირობებში მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შევა პარლამენტში. თქვენ გახსოვთ, რომ 2004 წლის პარლამენტში სულ ორი სუბიექტი იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ,,ნაციონალური მოძრაობა,, და მემერჯვენეებისა და მრეწველების ალიანსი. შედეგად, 235 დეპუტატიდან მხოლოდ 15 იყო ოპოზიციონერი. იმ პარლამენტისთვის არავის უწოდებია “ერთპარტიული”. ასევე შეიძლება, გავიხსენოთ 2008 წლის პარლამენტი. როგორც გახსოვთ, მაშინ “ლეიბორისტებმა” და სხვა ოპოზიციის ნაწილმაც ბოიკოტი გამოაცხადა. არც მაშინ უთქვამს ვინმეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმური იყო. უბრალოდ, ახლა ერთგვარ მოდაში შემოვიდა არალეგიტუმურობაზე საუბარი, რისი საფუძველიც ნამდვილად არ არსებობს. დღეს მანდატების 40 პროცენტი ეკუთვნის ოპოზიციას, როგორ შეიძლება, ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს.

-მოლაპარაკების რა რესურსი დარჩა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

თუ ოპოზიციას უნდა, სახე შეინარჩუნოს, გააკეთონ განცხადება, რომ ისინი პარლამენტში შედიან ერთადერთი მიზნით, ანუ სურთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და არჩენების შედეგების დადგენა. როგორც ვიცით, ხელისუფლება მზადაა ამისათვის და ისიც ითქვა, რომ თუ მათ სასარგებლოდ თუნდაც 1 %-იანი ცდომილება იქნება, განმეორებითი არჩევნებს დაიშნავს. თუ დარღვევები არ გამოვლინდა, ოპოზციას შეუძლია, დარჩეს პარლამენტში ან გამოვიდნენ ვინ უშლის? ამ შანსის გამოუყენებლობა ოპოზიციის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გაუგებარია, ვიცოდე, რომ უბნებში პრობლემები იყო და უარი ვთქვა გადამოწმებაზე, რასაც ოპოზიცია აკეთებს. მათ აქვთ შანსი, მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას არ აკეთებენ? გაუგებარია. შექმნილ სიტუაციაში თუ ვინმე იგებს, ეს “ნაციონალური მოძრაობა”. პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში სხვა ოპოზიციური პარტიები იმ მხარდაჭერასაც დაკარგავენ, რაც მიიღეს. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებში კანონით განსაზღვრული 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ და, ალბათ, ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ “ნაციონალებითა” და “ოცნებით”. ვფიქრობ, სწორედ ეს უნდათ “ნაციონალებს” და ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ პარლამენტში არ შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები