“ნუ დაგვავიწყდება, რომ ISFED -მა არა მხოლოდ საარჩევნო ოქმები დააჯამა, არამედ ის აკვირდებოდა კენჭისყრის დღეს. იმ მასშტაბის ხარვეზები, რომელზეც ახლა ოპოზიცია საუბრობს, სავარაუდოდ, თითქოსდა, „კარუსელსა“ და სხვა დარღვევებზე, არ გამოვლენილა”, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბოჟაძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ( ISFED -ის) მიერ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნება შეაფასა.
„თქვენ იცით, რომ ISFED -მა ჯერ კიდევ 1 -ელ ნოემბერს ძალიან მალევე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, სადაც აშკარად იკითხებოდა, რომ გარკვეული ცდომილება არსებობდა. არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ვინც გადალახა 1%-იანი ბარიერი, ჰქონდა გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო ცესკო-ს წინასწარი შედეგები. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 2 %-ზე მეტი აკლდა, თითქოსდა, ეს იყო ერთერთი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. გახსოვთ, ოპოზიცია მთელი ეს პერიოდი ამ საკითხით მანიპულირებდა. მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია, დათვლის დროს იყო გარკვეული ცდომილება. ვერავინ იფიქრებდა, რომ თავად ალგორითმში შეიძლებოდა, ყოფილიყო გარკვეული შეცდომა. ზოგადად, პარალელური დათვლა გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ორგანიზაცია მის ხელთარსებული ოქმების მიხედვით ითვლის არჩევნების შედეგებს და აქვეყნებს წინასწარ. ამის მიზანია სწორედ ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც გაცილებით გვიან აჯამებს ხოლმე წინასწარ შედეგებს, არ მიეცეს საშუალება, საკუთარი შეხედულებით გაადააკეთოს რაიმე მონაცემი რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, თუ საზიანოდ. სწორედ ეს დანიშნულება აქვს პარალელურ დათვლას. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სამწუხაროდ, ახლა ამ პროცესის დისკრედიტაცია ხდება, თითქოსდა, პარალელური დათვლას არანაირი შედეგი არ ჰქონია.
მთავარი არის ის, რომ ISFED -მა დაითვალა მის ხელთარსებული საარჩევნო ოქმები, დაითვალა 50-ივე საარჩევნო სიბუექტის, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, ვინ გადალახავდა 1 %-იან ბარიერს და ვინ, არა. როგორც ჩანს, გამიზნულად თუ შეცდომით იყო შეყვანილი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ბუნებრივია, თუ დავთვლით ბათილი ბიულეტენების ჩათვლით, ანუ მოსული ამომრჩევლის პროცენტიდან, პროცენტი იქნება განსხვავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ISFED -მა ჩაატარა შიდა აუდიტი. სხვა არის, რატომ არ გამოაქვეყნა თავის დროზე, როგორც კი შეატყობინა დონორს, მალევე რატომ არ მოჰფინა ნათელი თავის შეცდომას, რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში საზოგადოება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ISFED -ის დაზუსტებულმა მონაცემებმა ოპოზიციის პოზიციები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად დააზიანა.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ISFED -მა არა მხოლოდ ოქმები დააჯამა, არამედ აკვრიდებოდა კენჭისყრის დღეს. იმ მასშტაბის არანაირი ხარვეზი, რომელზეც ახლა საუბრობს ოპოზიცია, სავარაუდოდ, თითქოსდა, კარუსელსა და სხვა დარღვევებზე, დღის განმავლობაში არ გამოვლენილა. უფრო მეტიც, როცა ბიულეტენების დათვლის პროცესი იყო, როგორც ISFED -ი, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, კომისიის წევრები, თუ დამკვირვებლები ინიშნავდნენ იმას, ვინ რამდენი ხმა მიიღო. მერე ხდება ბიუელტენების დაჯამება, ოქმის შედგენა. როცა საუბარია, რომ ოქმებში იყო პრობლემები, იგულისხმება ოქმის შედგენა, ოქმის დაწერა და არა ის, რომ ბიულეტენების დათვლის დროს იყო რაიმე ხარვეზები.
ISFED -ის პარალელური დათვლის დაზუსტებულმა მონაცემებმა ძალიან სერიოზულად დააზიანა ოპოზიციის პოზიციები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დროს, მათ 4-პუნქტიან გეგმაში სწორედ ISFED -ი იყო ის ორგანიზაცია, რომელსაც სთხოვდნენ დაეკომპლექტებინათ მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, როგროც ცესკო, ასევე საოლქო-საუბნო კომისიები. პარასკევს საღამოს შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ISFED-ი აღარაა ავტორიტეტული ორგანიზაცია, ელენე ნიჟარაძე აღარაა ჭკვიანი და გამოცდილი დირექტორი. ოპოზიციის მხრიდან ეს განსხვავებული პოზიციები არაერთხელ გვინახავს, ახლაც ეს ხდება ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ISFED -ს ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა დავუდასტურო. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, თუ ოპოზიცია მხოლოდ ამ თემაზე არ იყო ჩამოკიდებული, თუ ოპოზიცია კვლავ სხვა საკითხებს აყენებს, სინამდვილის დადგენის ერთადერთი რესურსი არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები, ძალიან მნიშვნელოვანია, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„რაც შეეხება გადათვლის პროცესს – გადათვლა არ ითვალისწინებს უკვე ასჯერ გადათვლილი ოქმების ხელახლა დათვლას. იცით, რომ 13 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა არჩევნების შედეგები. ISFED-ის დაზუსტებულმა პარალელურმა დათვლამ, ფაქტობრივად, ერთი ერთში დასვა შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგებთან. გადათვლა გულისხმობს არა ოქების დათვლას, არამედ საუბნო – საარჩევნო კომისიების სრული დოკუმენტაციის გახსნას.
მივმართავ ოპოზიციას: შებრძანდით პარლამენტში და მიეცით საშუალება საკუთარ თავს დოკუმენტურად დაადასტუროთ ის, რაზეც საუბრობთ უკვე თვე-ნახევარია. თუ ამ შეთავაზებაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ იტყვის უარს, ვგულისხმობ ყველა საარჩევნო უბნის გახსნას და არა – ოქმების ხელახლა გადათვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ საკუთრი აღქმებით და არა – დოკუმენტურად დადასტურებული მოსაზრებებით საუბრობდნენ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე. ვნახეთ, რომ ერთერთი არგუმენრი, როგროიც იყო ISFED-ის პარალელური დათვლა , როგორც კი ჩასწორდა, როგორი რეაქცია მოჰყვა ამას ოპოზიციის მხრიდან. იმისთვის, რომ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები, ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, გავხსნათ ყველა საარჩევნო უბანი, ვნახოთ ყველა პირველადი საარჩევნო დოკუმენტაცია. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს – დარწუნებული ვარ, ეს რაუნდი იქნება შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს ახლა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია და ხელისუფლება მოახერხებენ გარკვეულ საკიტხებზე შეთანხმებას“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 47.6%; „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ – 27.4%; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ – 3.8%; „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ – 3.2%; „ ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3.2%; ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%; „გირჩი“ – 3.0%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.3%; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.0%; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 0.9%.
თამუნა შეყილაძე