სომეხი ექსპერტი: უახლოეს დროში თურქეთი საკუთარ სამხედრო ბაზას ნახიჩევანში დააკანონებს
“არწახის ომში თურქეთის ტაქტიკური მიზანი იყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან ერთად საკუთარი ძალების განთავსება არწახის მთლიანი საზღვრის გასწვრივ”, – განაცხადა სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთმა ეს არ დაუშვა.
“თურქეთის მეორე მიზანი იყო თურქი მებრძოლების განთავსება, როგორც თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის წევრების სახით. თუმცა, მათ ესეც ვერ შეძლეს. მათ მიიღეს შესაძლებობა, რუსებთან ერთად ამ ცენტრში მიიღონ მონაწილეობა”, – თქვა ექსპერტმა.
საფრასტიანის თქმით, ესეც მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, რადგან მან პირველად კანონიერი უფლება მიიღო, განახორციელოს გარკვეული სამხედრო საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში.
მან თურქეთისთვის კიდევ რამდენი ხელსაყრელი გარემოება ჩამოთვალა, როგორიც არის აზერბაიჯანზე თურქეთის გავლენის მკვეთრი ზრდა, ასევე, ის, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის წინაშე დამოუკიდებლობა დაკარგა.
“თურქეთს აქვს შესაძლებლობა, განათავსოს საკუთარი სამხედრო ძალები აზერბაიჯანში ბაქოს თხოვნის საფუძველზე. ველოდები, რომ მომავალში ანკარა ნახიჩევანში საკუთარ სამხედრო ბაზას დააკანონებს და უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო ცენტრის მშენებლობას დაიწყებს. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ შეიქმნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ მათ შეძლონ კასპიის ზღვის სანაპიროებთან მიახლოება”, – განმარტა ექსპერტმა.