იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 35.1%-ია

6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 35.1%-ია.
“თიბისი კაპიტალის” ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 5 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალო წლიური ცვლილება კვლავ დადებით ნიშნულზეა და 18% შეადგინა.
რაც შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირების გავლენას სექტორზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის შეფასებით, პროგრამამ უძრავი ქონების სექტორი გადაარჩინა, თუმცა, ის ბანკებისთვის კრიზისულ წელს მაშველი რგოლი არ ყოფილა. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანლის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტმა, გარდა იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი საფასო რყევებისგან იხსნა, ლარიზაციის პროგრამაზეც დადებითად იმოქმედა და არასუბსიდირებული სესხების სტიმულირებასაც შეუწყო ხელი. როგორც ძნელაძე ვარაუდობს, პროგრამა 2021 წელს ვერ გაგრძელდება, თუმცა, რა მისიაც მას ჰქონდა დაკისრებული 6 თვის განმავლობაში, წარმატებით შესრულდა.
სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია ერთი თვე. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტი
სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები