ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებს 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უარყოფითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს.

ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებით.

“მიმდინარე წელს კვლავ აქტუალური იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების საკითხი. სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სექტემბრის ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ასევე ვენეციის კომისიამ და ხარვეზების გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ამჟამად მიმდინარე პროცესს სახალხო დამცველის მოწვევით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კვლავ დააკვირდება.

2020 წელს ქვეყანაში გავრცელებულმა ეპიდემიამ გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზეც. კერძოდ, 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობაც, რაც სისხლის სამართლის პროცესში ჩართულ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმანის ხარისხის ხარვეზებიც.

2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებით.

ამ კუთხით, გამოვყოფთ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს. სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო დაშვებით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ. ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). აღნიშნული ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე, იკვეთება იმ სახის სავარაუდო დარღვევები, რომლებიც გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივ შემოწმებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 20 აგვისტოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, რომლითაც საგამოძიებო უწყებებს საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველის აპარატი დღემდე უწევს მონიტორინგს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვებს.

სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო წესით, ასევე შეისწავლა ლუკა სირაძის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის მარინა ჩოლოიანის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე გაირკვა, რომ გამოძიების პროცესში სათანადოდ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად, კვლავ არსებობს გამოძიების მხრიდან დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროება. ასევე, გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მხრიდან სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების საკითხზე, ასევე, შეისწავლოს ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციები, მისი პოზიციის შეცვლის მოტივი, მიზანი და განმაპირობებელი გარემოებები. გარდა ამისა, სხვა (მარიანა ჩოლოიანის გარდა) პასუხისმგებელ პირთა გამოვლენის მიზნით, აუცილებელია ჩატარდეს ამოცნობა კონკრეტული მოწმის მონაწილეობით.

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან კვლავ დაუდგენელია არაერთი საკითხი, რომელიც ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, დამატებით გამოძიებას საჭიროებს. გამოძიების განახლების მიზნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას წინადადებითაც მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურამ აღნიშნული წინადადება არ გაიზიარა.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად და დეტალურად სწავლობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს. აპარატის თანამშრომლები ეცნობიან დაცვის მხარის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებს, გავმართეთ შეხვედრები გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან. ჩვენი შესწავლის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბრალდებულთა მიერ განხორციელებული საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად (მათ მიერ საკითხის კომისიისთვის წარდგენის, გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღებისა და სხვა უწყებების მონაწილეობის ფაქტის გათვალისწინებით). ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და ჩვენი საბოლოო შეფასებაც, საქმის მასალების სრულად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ასევე მოიცავს, საქმის შეფასებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით (შესაძლო პოლიტიკური მოტივი მართლმსაჯულების განხორციელებისას).

რაც შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2020 წელს დაკავებული პირები კვლავ უთითებენ დაკავებისას ძალის გადამეტებასა და დაკავების შემდეგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას. ამასთან, კვლავ არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და უფლებების შესახებ ინფორმირება. ასევე, პრობლემურია სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა და ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არ არის დაფარული.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სახალხო დამცველის აპარატთან აქტიურ კომუნიკაციას და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების პრაქტიკას.

კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა, რაც პატიმართა ჩაგვრისა და ძალადობის გარდა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებასაც უქმნის საფრთხეს. კერძოდ, წლის განმავლობაში ე.წ. პრივილეგირებული პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების საქმიანობაში ხელის შეშლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს. აღნიშნული ინციდენტები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან, იკვეთება, რომ ბოლო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლა სისტემურ პრობლემად ჩამოყალიბდა, რაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს.

სამწუხაროდ, 2020 წელს ადგილი ჰქონდა ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას, რაც გამოიხატებოდა იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან არაერთგზის სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან ვიზიტების ამსახველი ვიდეომასალისა და ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების ფაქტებში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ვიდეო მასალის გამოქვეყნების ნაწილში, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. ამასთანავე, სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, სასამართლომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო.

პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის მიზნით შემოღებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე. დაწესებულებებში ფაქტიურად შეჩერდა ისედაც მწირი სარეაბილიტაციო აქტივობები. მაქსიმალურად შეიზღუდა პატიმრების კონტაქტი გარე სამყაროსთან, კერძოდ, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების მიღების უფლება.

ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის ფონზე, მისასალმებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილი სიფრთხილე, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით აღსანიშნავია იმ თანამშრომელთა თავდადება, რომლებსაც დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების ფონზე უწევთ მუშაობა. საგრძნობლად გაიზარდა მათი დატვირთვა, რაც სათანადო კომპენსაციას საჭიროებს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, სარისკო ვითარებას ქმნის ქვეყანაში არსებული დიდი პენიტენციური დაწესებულებები, გადატვირთულობისა და პატიმართა რაოდენობის მაღალი მაჩვენებელის გამო, რაც წლებია გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები