ნიკა მეტრეველი: ოპოზიციას ვურჩევ, დააღწიოს თავი იმ ხაფანგს, რომელიც სააკაშვილ-ალასანიას დესტრუქციულ ძალას აქვს დაგებული

“ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევდი, დააღწიონ თავი იმ ხაფანგს, რომელიც დესტრუქციულ ძალას აქვს დაგებული. ეს არის სააკაშვილისა და თემურ ალასანიას თამაში, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ აღმოჩნდეს პარლამენტში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის გუშინდელი გზავნილები იყო ძალიან დროული და სწორი, ყველა მიმართულებით. მან ყველა კითხვას ძალიან ამომწურავი პასუხი გასცა. თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ფორმატი იდეალურია. თუმცა, ჩემი აზრით, კითხვა არც ისე ბევრია, რადგან არჩევნები აღიარებულია ჩვენი დასავლელი მეგობრების მიერ და შეფასებაც მაღალია.
როგორც გაირკვა, დღეს აღარ შედგება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არავინ მიესალმება, რომ კონსენსუსი ამ ეტაპზე ვერ შედგა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერსპექტივაში გარკვეული ძალები შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება საუბრები“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია დესტრუქციულ საქმიანობას გააგრძელებს, დასავლური სამყაროს მხრიდან სრულ იზოლაციაში მოექცევა.

„ოპოზიციაში მყოფმა ძალებმაც კარგად უნდა გადახედონ თავიანთ შესაძლებლობებსა და არსებულ მოცემულობას. ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილსა და სხვებს არაფერი აქვთ დასაკარგი და, შესაბამისად, მათთვის უკეთესია, თუ იგივე „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი არ შევლენ პარლამენტში. ამ ძალებს, თუნდაც გიორგი ვაშაძის პარტიას, აქვს მზარდი რეიტინგი. მათ ვურჩევდი, გარკვეულწილად, დააღწიონ იმ ხაფანგს თავი, რომელიც დაგებული აქვს დესტრუქციულ ძალას. ეს არის სააკაშვილისა და თემურ ალასანიას თამაში, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ აღმოჩნდეს პარლამენტში. იმედი მაქვს, მარკვეული ძალები შეძლებენ, შემოვლენ და კონსტრუქციულ გარემოში გააგრძელებენ საუბარს.
ბოლო პერიოდში ძალიან ხშირი კომუნიკაცია მქონდა ჩემს დასავლელ კოლეგებთან. სერიოზული უკმაყოფილებაა, მათ შორის, იმ განცხადებების გამო, რომლებიც ბოლო პერიოდში სააკაშვილის მხრიდან კეთდებოდა. ის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს აცხადებდა “რუსეთის აგენტებად”. ბუნებრივია, ამას ისე არავინ დატოვებს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ნახულობენ, აანალიზებენ.
ყოვლად არადემოკრატიული ნაბიჯია, როდესაც შენ პატივს არ სცემ შენს ამომრჩეველს და არ შედიხარ პარლამენტში. ასეთ პარტიას დასავლურ ღირებულებებთან, დასავლურ პარტიებთან ვერავითარი კავშირი ვერ ექნება. ეს ლოგიკურია. მე გარწმუნებთ, თუ ეს პარტიები გააგრძელებენ დესტრუქციულ საქმიანობა, სრულ იზოლაციაში იქნებიან დასავლური სამყაროს მხრიდან. ცოტა ხნის წინ როგორც მაიკ პომპეო არ შეხვდა მათ, ისე არავინ შეხვდება.

ერთ საკითხს მინდა, ხაზი გავუსვა, როცა პოლიტპატიმრების საკითხს აყენებენ, კარგად დაფიქრდნენ. ითხოვენ, გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებსაც 43 წლის ადამიანის გარდაცვალებაში შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეთ. ვგულისხმობ ისნის კომისიის თავმჯდომარის, ბატონ თეოდორეს გარდაცვალებას. კარგად დაფიქრდნენ, ვის და რატომ აცხადებენ პოლიტპატიმრებად“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ცნობისთვის, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გუშინ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა.
როგორც “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, გადახრის გამოვლენის შემთხვევაში, ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები