გიგლა თამაზაშვილი: „თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ”
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ფერმერებს მოუწოდებს, მორწყვის განრიგი წინასწარ შეათანხმონ და მონიშნონ სასურველი პერიოდი. ამის საფუძველზე განისაზღვრება მორწყვის 4-პერიოდიანი ციკლი.
„ოთხჯერადი მორწყვა არ გულისხმობს მხოლოდ ოთხჯერ წყლის მიწოდებას. თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრაფიკის შეთანხმება ფინანსურ ვალდებულებას არ წარმოშობს მისი გაფორმებისთანავე. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა ეკისრება შპს „საქართველოს მელიორაციას“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სარწყავი წყლის მიწოდება ფერმერებისთვის სასურველ დროსა და ადგილზე“, – განაცხადა შპს “საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ მიწოდებას და ქმნის უკეთესი მორწყვის პირობებს სოფლის მეურნეობაში.
ფერმერებს შეუძლიათ ნებისმიერი საკითხის დასაზუსტებლად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებსა და ოფისებს, ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს, სადაც ადგილზე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სარწყავი წყლის განრიგზე, ტარიფებზე და სახელმწიფო სუბსიდირების პირობებზე.