“ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მედპერსონალი გმირია” – მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი
საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომითი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს ხვალ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე.
მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის ცნობით, პრესკონფერენციაზე კონკრეტული მოთხოვნებიც გაჟღერდება.
“ხვალ, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. მის: ვაჟა-ფშაველას 1/43
პრესკონფერენციაზე მსჯელობა შეეხება პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომით და უფლებრივ მდგომარეობას, გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საქართველოს მედიცინის სფეროში დასაქმებული ასობით ადამიანი დაასნებოვნა და მედიცინის არაერთი მუშაკის სიცოცხლე შეიწირა. დღეს, ვირუსის ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებიდან მე-11 თვეს საქართველოს თითოეული მოქალაქე იმედის თვალით შევყურებთ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, რადგან ამ გამძვინვარებული პანდემიის პირობებში სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე.
ჩვენ ვითხოვთ მაღალ პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას, რიგ შემთხვევაში კი, მათი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ გვავიწყდება, რა მდგომარეობაში არიან თავად ეს ადამიანები, რომელთა ხელფასი, განსაკუთრებით პირველადი რგოლის მუშაკებისა, ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს.
განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობა. პროფკავშირი პრესკონფერენციაზე მედიცინის მუშაკებისთვის კოვიდ 19-ის პროფესიული დაავადების რანგში გაყვანას, მედიცინის მუშაკებისთვის ღირსეული შრომის პირობების შექმნას და მათი შრომის ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვს -კონკრეტული სქემით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.