ბაქოს მზარდი სატრანზიტო ამბიციები – მოსალოდნელია თუ არა ტვირთების შემცირება საქართველოს პორტებში და გზებზე
ყარაბაღში საომარი კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბაქომ ეკონომიკისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც მოიცალა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, აღნიშნული ხიდი იქნება ჩრთილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც აზიიდან წამოსული ტვირთებს აღმოსავლეთ ევროპაში მოსახვედრად 6 კვირის ნაცვლად, დაახლოებით, 3 კვირა დასჭირდება.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ხიდის მშენებლობა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, კერძოდ, მდინარე სამურზე, რომელიც ასევე ჩრდილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანის მშენებლობას საფუძველი 2000 წლის 12 სექტემბერს ჩაეყარა. პირველი შეთანხმება რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის შედგა, რომელსაც 2005 წელს აზერბაიჯანიც შეუერთდა. საბოლოოდ, ამ შეთანხმების რატიფიცირება 13 -მა ქვეყანამ (აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, სომხეთი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ომანი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა) მოახდინა.
ჩრდილოეთ -სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გარდა, ბაქოში ყარსი – გიუმრი – ნახიჩევანი – ბაქოს დერეფნის ამოქმედებასაც განიხილავენ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი შეეგუება მარცხს ყარაბაღის მეორე ომში და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებს.
მოვნელების ამგვარი განვითარების შემთხვევაში დაკარგავს თუ არა საქართველო მთავარი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას? ექსპერტებს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა უჭირთ. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, აზიის განვითარების ტემპები იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალში სამხრეთ კავკასიაზე გამავალ არცეთ სატრანსპორტო დერეფანს ტვირთები არ მოაკლდება.
როგორც სატრანსპორტო კვლევითი ცენტრის ხელძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, მთავარია, საქართველომ ტვირთებს გამართული ინფრასტრუქტურა და მოქნილი სატარიფო სისტემა დაახვედროს. თუმცა, ცაგარეიშვილის თქმით, გარკვეული დანაკარგები თავდაპირველად მაინც იქნება. საუბარია საკონტეინერო და ე.წ. ნაყარ ტვირთებზე. ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ სამომავლოდ ჩინეთი სომხეთის პროდუქციას, კერძოდ, სპილენძის მადნებს მიიღებს არა საქართველოს ნავსადგურებით, არამედ – ირანის სამხრეთით განთავსებული ნავსადგურების, ასევე, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურების გავლით. ცაგარეიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, საუბარია, დაახლოებით, 70-100 ათას ტონა ტვირთზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია. რეალობა კი ისაა, რომ 8 დეკემბერს საქართველოში ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზი მაგისტალით თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი სატვირთო მატარებელი შემოვა. 42 კონტეინერისაგან შემდგარი შემადგებლობა ჩინეთში 12 დღეში ჩასვლას გეგმავს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მაგისტრალით 2018 წლიდან დღემდე 400 ათასი ტონა ტვირთი უკვე გადაიზიდა.