ცესკო – ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო

პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევები და ა.შ, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის.

მათგან განსხვავებით საარჩევნო ადმინისტრაციამ, სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით არაერთხელ გასცა პასუხი გავრცელებულ ბრალდებებს, საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია და არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.

ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირის ხმაურიანი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო იყო და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დღეს უკვე დაადასტურა ევროკომისიის ანგარიშმაც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე საუბარია გასული წლის არჩევნებზეც, თუმცა ამ ანგარიშში ზემოაღნიშნული ბრალდებები არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის.

ახლა გვინდა ვკითხოთ მათ, ვინც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ – ხმის მიცემა შვიდჯერ ან ასჯერ შეიძლებოდა, აპარატებში არსებულ სიებში გაორებები იყო, ამომრჩევლის ხმის ფარულობა ირღვეოდა, შემაჯამებელი ოქმები გადაწერილი იყო, საზღვარგარეთ უბნები სპეციალურად არ შეიქმნა, მარკერები კი გამოცვლილი და სხვა მრავალი, რატომ არ მოხვდა ეს არც ევროკომისიის და არც ეუთო/ოდირის ანგარიშში? პასუხი ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ არცერთი ზემოხსენებული არ შეესაბამებოდა რეალობას და მხოლოდ და მხოლოდ რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, არჩევნებისადმი ნდობის შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჩართული მხარეების მიერ გაკეთებული, სწორედ ასეთი, მანიპულაციური განცხადებები არახალია არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ეს კი მოქალაქეების არასწორი ინფორმირების და გარკვეული აღქმების შექმნას უწყობს ხელს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ახლა მაინც აღიარონ რეალობა და დაუბრუნდნენ საარჩევნო პროცესების შეფასების მიუკერძოებლობის სტანდარტს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კვლავ დავრჩებით ერთგულნი ჩვენი გაცხადებული მიზნისა, რომ ქვეყნის ამომრჩეველი დეტალურად და სწორად იყოს ინფორმირებული საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები