მსოფლიოში ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია – Camille Bloch საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს და ნედლეულის გადამმუშავებელ ქარხანას შექმნის
შოკოლადის მწარმოებელ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიასთან – Camille Bloch-თან მოლაპარაკებები საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კომპანიის მფლობელ დანიელ ბლოხს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია – Camille Bloch თხილის პლანტაციებს გააშენებს და ნედლეულის გადამმუშავებელ ქარხანას შექმნის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ფარგლებში.
,,2021 წლის იანვარში დაიწყება თხილის პლანტაციის პირველ 50 ჰექტარზე გაშენება, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამმუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
91-წლიანი ისტორიის მქონე, შვეიცარიული კომპანია საქართველოში გაშენებულ თხილს ცნობილ ბრენდებში გამოიყენებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულებით გუნდის ხელშეწყობით კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო შვეიცარიაში და შვეიცარიის საელჩო საქართველოში”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.