რა საერთო აქვს ევროკავშირს პუტინსა და ბჟანიას მიერ დაანონსებული “რუსეთ-აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის” შექმნასთან

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ.საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე განმარტა, თუ როგორ ხედავს რუსეთთან “სოციალურ-ეკონომიკური სივრცის” პროგრამის განხორციელებას.

ბჟანიას თქმით, რუსეთთან “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცე ” შეიძლება, განიხილებოდეს ევროკავშირის მაგალითზე, სადაც, “სუვერენიტეტისა და საზღვრების ფარგლებში, ქვეყნებმა ერთიანი სივრცე შექმნეს”.

“ასეთი კავშირით გლობალური საფრთხეებისგან დაცვას, ასევე, მსოფლიო არენაზე ეროვნული ინტერესების გატარებას მარტივად შევძლებთ”, – განმარტა მან.

მისი თქმით, “2014 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმება იყო ხელმოწერილი, რომელშიც ნათქვამია ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ აღნიშნულის რეალიზება აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით იქნება შესაძლებელი”.

ბჟანიას თქმით, 2019 წლის შემოდგომას “მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც პროგრამის საკითხი განიხილებოდა. პროექტში რამდენიმე პუნქტი არსებობდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მაღალ ინტერესსა და შეშფოთებას იწვევდა.

დე ფაქტო ლიდერის განმარტებით, “ძველ რედაქციაში პროგრამა ისეთ პუნქტს შეიცავდა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შეცვლას გულისხმობდა იმის შესახებ, რომ “ენერგეტიკის” სექტორი არის სახელმწიფო საკუთრება და ის პრივატიზაციას არ ექვემდებარება. თუმცა, შემდგომში დამტკიცებულ პროგრამაში ჩაიწერა ასეთი პუნქტი – “აფხაზეთის რესპუბლიკის სამართლებრივ აქტებში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც რუსული კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს ელექტროსისტემის ინფრასტრუქტურის მოდერნიზირებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აფხაზეთის რესპუბლიკის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფად”. სხვაობა საგრძნობია”.

“ასევე, პირველ რედაქციაში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი იყო ჩადებული, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებში შიში გამოიწვია და მე ეს მესმის. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებას შევძლებთ და საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ვფიქრობ, სწორი რეალიზაციის შემთხვევაში, მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, ამან შესაძლოა, აფხაზეთს სარგებელიც მოუტანოს”, – თქვა ასლან ბჟანიამ.

ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე “აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვის საკითხი განიხილებოდა” და “უკვე 5 დეკემბერს აფხაზეთში რუსეთიდან ინვესტორთა ჯგუფი ჩამოვა და რესპუბლიკის პოტენციალს შეისწავლის”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ორ-სამ წელიწადში „ერთიან სოციალ-ეკონომიკური სივრცის“ შექმნა სურთ, ბჟანიას ვებგვერდზე 23 ნოემბერს განთავსდა.

გუშინ საკითხს განცხადებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მასში აღნიშნულია, რომ “ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ასეთ ე.წ. პროგრამას გმობს და მას საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს”.

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეგიონში ვითარების დასტაბილურებისკენ მიმართულ ძალისხმევას ეწინააღმდეგება, ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები