გიორგი ცუცქირიძე: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლად

„საერთაშორისო რეიტინგები ასახავენ იმ მნიშვნელივან პროგრესს, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა. კიდევ ერთი წამყვანი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქვეყანამ განიცადა სერიოზული წინსვლა როგორც მართველობის ეფექტურობის, ისე – კორუფციის შემცირების მიმართულებით,” – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, Trace Matrix ინდექსის გაუმჯობესების შემდეგ (მსოფლიოში 28-ე პოზიცია გვიკავია), რომელიც კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსია, ხოლო „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით” საქართველო მსოფლიოში სულაც პირველ ადგილზე გავიდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან – გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსში( The Global Sustainable Competitiveness Index ) გვაქვს სერიოზული წინსვლა.

SolAbility -ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზე 37-ე ადგილზე გავიდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით (წინსვლა 58 პოზიციით) მსოფლიოში ლიდერია.

„აღსანიშნავია, რომ პროგრესი ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა და თუ GSC index 2013-ის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო ე.წ ეგზოტიკური ქვეყნების გვერდით პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის სარეიტინგო პოზიცია მთელი 58 ადგილით არის გაუმჯობესებული! ეს ინდექსი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეფუძნება გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ისა და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრის პროფილურ გამოკვლევებს,” – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

ნიშანდობლივია, რომ GSC index 2020 მნიშვნელოვნად ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ – პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც, ბალტიის ქვეყნების გარდა, რომლებსაც სკანდინავიის ქვეყნებთან ერთად წამყვანი პოზიცია უკავიათ. შეფასების ხუთი აგრეგატიდან (მოცემული ბუნებრივი გარემო, სოციალური კაპიტალი, რესურსების მენეჯმენტი, ინტელექტუალური კაპიტალი და მმართველობის ეფექტურობა) მმართველობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმზე გავიდა 59.3 ქულით, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე დასახელდა. „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლადაც, რადგან შეფასების აგრეგატები ქვეყნის თავისებურ საინვესტიციო გზამკვლევსაც წარმოადგენს,” – აღნიშნა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები