საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი ონლაინფორმატში გაიმართება

2020 წლის 4 დეკემბერს, 12-00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარტნიორი ორგანიზაციები რიგით VII არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ.

როგორც ,,კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების გაძლიერება და ხელშეწყობა.

,,2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა არაფორმალური განათლების სწავლების სპეციფიკაში. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილება, გაკეთდება მოხსენებები არაფორმალური განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებების, ონლაინ და სხვა მეთოდების შესახებ, დაისახება დარგის სამომავლო აქტივობები და შეჯამდება/შეფასდება ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეცნონ, როგორც დარგის უახლეს ტენდენციებს სასწავლო მიმართულებების მიხედვით, ასევე მეთოდურ სიახლეებს სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის, სახელოვნებო და საგნობრივი მიმართულებების არაფორმალური აქტივობების კუთხით.

ფორუში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და დარგის მოწვეული ექსპერტები. ღონისძიების პროცესში ეროვნული სასახლე წარადგენს 2020 წლის განმავლობაში დანერგილ ახალ სერვისებსა და მიდგომებს (ფესტივალების, ონლაინრეგისტრაციის, წიგნიპედიის და სხვ.) მიმართულებებით,”- ნათქვამია ეროვნული სასახლის ინფორმაციაში.

საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ტარდება 2014 წლიდან და მასში ტრადიციულად მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაცია.

ფორუმი ტარდება ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები