იოსებ არჩვაძე: TRACE International-ის რეიტინგი ცალსახად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე

„მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მა, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობასა და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ გავლენიანი რეიტინგის კომენტირებისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით – „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება” – საქართველო, როგორც ითქვა, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს საკმაოდ მოწინავე პოზიციები უკავია ისეთი ინდიკატორებითაც, როგორებიცაა „ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება”, „მთავრობა და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობა” და „სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობა”.
„აღნიშნული კომპონენტებით მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ცალსახად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სეგმენტურიდან სისტემურ წარმატებებზე შეუქცევადი გადასვლის პროცესს, რასაც კარგად ამჩნევენ და ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური და რეიტინგული ინსტიტუტები.
ზოგადად, კორუფციის დონე მაღალ უარყოფით კორელაციაშია ეკონომიკური განვითარების დონესთან. ანუ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკურად ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო ნაკლებია იქ კორუფციის დონე. მიუხედავად ამ ზოგადი კანონზომიერებისა, საქართველო კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროკავშირის 14 სახელმწიფოს (იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მალტა, ესპანეთი) უსწრებს, ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ და მეტად (32%) ჩამორჩება.
აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე. ამასთან, გარკვეულწილად, ეს ჩვენი მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდი დონის მაჩვენებელიცაა. საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში – მე-19 ადგილზეა”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები