იუსტიციის სამინისტრო: შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველო გაერო-ს კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობით ხვდება

იუსტიციის სამინისტრო 2020 წლის 3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების მიერ გაწეული რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს პირველად აქვს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს.

„ახალი კანონის უმნიშვნელოვანესი სიახლეებია:

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, პირისთვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;

• კანონი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას საქართველოში, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში. მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შშმ პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს; უნდა დანერგონ და განავითარონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისები;

• კანონს პირველად შემოაქვს ქართული ჟესტური ენის, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს;

• კანონმა შემოიღო უნივერსალური დიზაინის პრინციპი და ამოქმედდა ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე, სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური (ტექნიკური) მიზეზების გამო, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ალტერნატიული გზები შშმ პირთათვის ამ ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მორგებული. ამავე დროს, მოქმედებს გონივრული მისადაგების პრინციპი, რომელიც თავიდან ააცილებს სახელმწიფოს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შშმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. მისი პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2017 წელს სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.

„კანონის გარშემო აქტიური საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობდა საპარლამენტო განხილვების ფორმატშიც, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დეპუტატ რატი იონათამიშვილის ჩართულობა კონსულტაციების ორგანიზების პროცესში.

კანონი ძალაშია 2020 წლის 28 ივლისიდან“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები