თამარ გაბუნია: პაციენტი მივა, გაიკეთებს ტესტს, იქვე გაიგებს პასუხს, რადგანაც ანტიგენზე დამყარებულ ტესტს 15-დან 30 წუთამდე სჭირდება

“ოჯახის ექიმი შეაფასებს მის მდგომარეობას, ჩაუნიშნავს ვიზიტს ტესტირებისთვის. პაციენტი მივა, დაელოდება თავის რიგს, გაიკეთებს ტესტს, იქვე გაიგებს პასუხს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტებით გამოკვლევის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სიმპტომური პაციენტები არიან პირველ ყოვლისა ის ჯგუფი, ვინც ექვემდებარება ტესტირებას. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლით, სიმპტომების შემთხვევაში, ანუ როდესაც სახეზეა რესპირაციული სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, ხველა, რაიმე სხვა ტიპის ნიშანი, რაც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ტელეფონის საშუალებით რადგან ამ ეტაპზე პირადი კონტაქტი არ არის რეკომენდებული. ოჯახის ექიმი შეაფასებს მის მდგომარეობას, ჩაუნიშნავს ვიზიტს ტესტირებისთვის. პაციენტი მივა, დაელოდება თავის რიგს, გაიკეთებს ტესტს, იქვე გაიგებს პასუხს, რადგანაც ანტიგენზე დამყარებულ ტესტს სჭირდება 15-დანნ 30 წუთამდე. ადგილზევე მაშინვე შეატყობინებენ ტესტის შედეგს და ასევე, მისცემენ რჩევას, რომ პირველ რიგში პაციენტი უნდა დაბრუნდეს ბინაზე, იყოს თვითიზოლაციაში და შემდგომ მას დაუკავშირდება ისევ ოჯახის ექიმი, რომელიც გააგრძელებს მეთვალყურეობას, როგორც კოვიდდადასტურებულ პაციენტზე.

იშვიათ შემთხვევებში, თუკი საჭირო იქნება, პაციენტის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება, შეეხებოდეს რაიმე სახის შშმ პირების საჭიროებებს ან შეიძლება, შეეხებოდეთ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, თავად მოვიდნენ ამბულატორიულ პირობებში, შესაძლებელი იქნება, კლინიკასთან შეთანხმებით ბინაზეც გაკეთდეს ტესტი, რადგან ამას განსკუთრებული ტექნოლოგიური პირობები არ სჭირდება. სისტემატურად ამას ვერ გავაკეთებთ, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ესეც იქნება შესაძლებელი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 250-მდე დაწესებულება. თბილისში არის 80-მდე ასეთი დაწესებულება, ქუთაისში 50, ბათუმში დაახლოებით ცხრა. სხვა დიდ ქალაქებშიც არის ასეთი პოლიკლინიკები, დაფარვა არის ძალიან ფართო, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა არ უნდა შეიქმნა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ორი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, დღეში გაკეთდება 20 ათასი ტესტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები