თენგიზ ცერცვაძე: ჯანმო-ს კვლევებით მიიჩნევა, რომ „რემდესივირი” ეფექტური არ არის, მაგრამ მისი გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება
“14-ში აღმომაჩნდა ვირუსი და 16-ში დაიწყო იმუნური სისტემის გაუარესება. ოთხ დღეში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოვიდა. რომ არა ზომების მიღება, მას შესაძლოა, მოჰყოლოდა ცუდი შედეგები, ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები, ასაკთან ერთად, მაქვს თანმხლები დაავადება – არაჰოჯკინის ლიმფომა, გამოხატული იმუნოდეფიციტით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე მაღალი რიკის ჯგუფია კოვიდავადმყოფებისთვის, რამეთუ არსებობს რისკი დაავადების ძალიან აგრესიულად წასვლისა და მძიმე გამოსავლის. საბედნიეროდ, მე ამას გადავურჩი.
ვირუსი ყელის ტკივილით, ცხელებით, ხველით დაიწყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, იმუნური სისტემის მკვეთრი გაუარესება მოხდა. 14-ში აღმომაჩნდა ვირუსი და 16-ში დაიწყო იმუნური სისტემის გაუარესება. ოთხ დღეში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოვიდა. რომ არა ზომების მიღება, მას შესაძლოა, მოჰყოლოდა ცუდი შედეგები, ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი – „რემდესივირი“, რომელიც დღესდღეობით ერთადერთი მედიკამენტია. იგი რეკომენდებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების გაიდლაინით, მაგრამ მას ყველა ერთნაირად არ აფასებს.
მაგალითად, ჯანმო-ს კვლევებით მიიჩნევა, რომ ეს მედიკამენტი ეფექტური არ არის. საქართველოში ეს პრეპარატი შემოტანილი ჯერ არაა. ხელშეკრულება გაფორმებულია და, დაახლოებით, 10 დღეში – 2 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. „რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია „რემდესივირთან“, რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.