მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბარისახოს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბარისახოში არსებულ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობაში უკვე დაიწყო შიდა სამუშაოები, მიმდინარე კვირაში მოხდება ძველი სახურავის ახალი სახურავით ჩანაცვლება. სკოლის რეაბილიტაციისთვის დაფინანსება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო.
ბარისახოს საჯარო სკოლაში სამოცი მოსწავლე სწავლობს, თუმცა შენობა დაახლოებით ორას მოსწავლეზეა გათვლილი ,განახლებული დაწესებულებით 7 სოფლის ბავშვები ისარგებლებენ.
ბარისახოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერთან ნინო დვალთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
„შენობას მსგავსი სახის მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებია არასდროს. მომდევნო სასწავლო წლიდან შვიდ სოფელში მცხოვრები მოსწავლეები განახლებულ თანამედროვე სახის შენობაში გააგრძელებენ განათლების მიღებას, განათლების სფეროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია,პლუს ამას მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ ხელს ვუწყობთ მთაში მოსახლეობის დაბრუნების პროცესის დაჩქარებას”,-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.