სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა და კომუნიკაციის საშუალებები გადაეცა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მოთხოვნებს და საზღვრებზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
აღჭურვილობის განახლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში განახორციელა.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას გულისხმობს.
ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.