რუსულ მხარეს ვუპასუხე:  ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით და, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ – ზურაბ აბაშიძე

პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის  განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს სორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას.

„აღინიშნა, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ბრუნვა გარკვეულწილად შემცირდა. განვიხილეთ სატრანსპორტო კავშირები და აქცენტი გავაკეთეთ ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვაზე ამ რთულ ვითარებაში, რამდენადაც სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებში უამრავი ქართული კომპანიაა ჩართული. ამ კონტექსტში რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო – ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები